ინტერნეტმომხმარებელი როგორც უფასო მუშახელი - მონაცემების მონეტიზაციის მექანიზმები ციფრულ კაპიტალიზმში

დღევანდელ რეალობაში ჩვენი ყოველი ნაბიჯი, თითოეული ონლაინ აქტივობა - იქნება ეს ინფორმაციის მოძიება თუ სოციალურ ქსელში დატოვებული „ლაიქი“, ეკონომიკური ღირებულების მატარებელია. ტრადიციული ფაბრიკებისა და ქარხნების ეპოქა წარსულს ჩაბარდა, დღეს გლობალურ ეკონომიკას ციფრული ტექნოლოგიები და მონაცემები მართავს.
რა არის ციფრული კაპიტალიზმი?
ციფრული კაპიტალიზმი კაპიტალისტური სისტემის თანამედროვე ვარიაციაა. აქ წარმოების მთავარი ფაქტორი არა მატერიალური რესურსები (მიწა ან მანქანა-დანადგარები), არამედ ინფორმაცია, მონაცემები და ციფრული ინფრასტრუქტურაა. ამ სისტემაში მთავარი აქტივი ადამიანების ციფრული კვალია. კომპანიები აგროვებენ უამრავ ინფორმაციას ჩვენი ქცევების, ინტერესებისა და პრეფერენციების შესახებ. შემდეგ ამ მონაცემებს ამუშავებენ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით და იყენებენ ამა თუ იმ რეკლამის, პროდუქტისა თუ მომსახურების ჩვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მოსარგებად, რითიც უდიდეს მოგებას ნახულობენ.
როდის და როგორ დაიწყო ციფრული კაპიტალიზმის ეპოქა?
ციფრული კაპიტალიზმის სათავეები XX საუკუნის მეორე ნახევარს უკავშირდება, თუმცა ის რამდენიმე საფეხურად შეიძლება დაიყოს. პირველ ეტაპზე, 1970–1980-იან წლებში, საინფორმაციო რევოლუციამ, კომპიუტერიზაციისა და მიკროელექტრონიკის განვითარებამ ინფორმაციის დამუშავების ახალ სტანდარტებს ჩაუყარა საფუძველი. ამას მოჰყვა 1990-იანი წლები, როდესაც ინტერნეტის კომერციალიზაციამ და მსოფლიო ქსელის ღია სივრცედ ქცევამ ბიზნესს ციფრულ სივრცეში გადასვლისკენ უბიძგა. საბოლოოდ, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, ჭარბი კაპიტალისა და ახალი ტექნოლოგიების, სმარტფონებისა და ღრუბლოვანი სერვისების შერწყმით შეიქმნა ისეთი ეკოსისტემები, როგორიცაა Uber-ი, Airbnb-ი, Amazon-ი და Facebook-ი. სწორედ ამ პერიოდიდან ყალიბდება ციფრული კაპიტალიზმი თანამედროვე ფორმითა და გაგებით.
რა სფეროებს მოიცავს ციფრული კაპიტალიზმი?
ციფრული კაპიტალიზმი არ შემოიფარგლება მხოლოდ სოციალური ქსელებით და პრაქტიკულად, ყველა ინდუსტრიას მოიცავს. ის აერთიანებს პლატფორმებსა და ეკოსისტემებს, რომლებიც ქმნიან შუამავალ სივრცეებს მომხმარებლებსა და მომსახურების მიმწოდებლებს შორის. ამასთანავე, ციფრული კაპიტალიზმი მოიცავს ღრუბლოვან გამოთვლებს - მონაცემთა შენახვისა და დამუშავების ინფრასტრუქტურას, რომელსაც ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა უმრავლესობა ეყრდნობა. ციფრული კაპიტალიზმის განუყოფელი ნაწილია ფინტექი (ინგლ. FinTech — Financial Technology - ფინანსური ტექნოლოგიები) და კრიპტოვალუტები, რომლებიც საბანკო სერვისების გაციფრულებასა და დეცენტრალიზებულ ფინანსურ სისტემებს უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ის აყალიბებს გიგ-ეკონომიკას, რომელიც გულისხმობს დროებით, პროექტებზე დაფუძნებულ შრომით ურთიერთობებს, სადაც მუშახელის დაქირავება ციფრული პლატფორმების მეშვეობით ხდება. ეს ამ უკანასკნელთ საშუალებას აძლევს, შეამცირონ შრომითი და სოციალური ხარჯები დასაქმებულთა ფორმალურად დამოუკიდებელ კონტრაქტორებად გაფორმებით. ამავდროულად, ალგორითმებისა და მონაცემების საშუალებით პლატფორმები აკონტროლებენ სამუშაოს განაწილებასა და შეფასებას, შემოსავლის დიდ ნაწილს კი თავად იტოვებენ.
ვინ არიან ციფრული კაპიტალიზმის ძირითადი წარმომადგენლები - ტექნოლოგიური გიგანტები?
ციფრული კაპიტალიზმის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ მსხვილი ტექნოლოგიური კორპორაციები, რომლებსაც ხშირად Big Tech-ის სახელით იცნობენ. მათ შორისაა Alphabet-ი, რომელიც საძიებო სისტემებს, რეკლამასა და მონაცემთა ანალიტიკას აკონტროლებს; Meta, რომელიც სოციალური ქსელებისა და მიზნობრივი სარეკლამო ბაზრის ლიდერია; Amazon-ი, რომელიც ელექტრონულ კომერციასა და ღრუბლოვან სერვისებს განაგებს; Apple, რომელიც აპარატურულ ეკოსისტემებსა და ციფრულ სერვისებს აწარმოებს; და Microsoft-ი, რომელიც საოფისე პროგრამებით, ღრუბლოვანი ტექნოლოგიებითა და ხელოვნური ინტელექტის ინვესტიციებითაა ცნობილი.
რა სარგებელი მოუტანა ადამიანებს ციფრულმა კაპიტალიზმმა?
ციფრულმა კაპიტალიზმმა თანამედროვე ადამიანის ყოფა რადიკალურად გაამარტივა და ეკონომიკური პროცესები დააჩქარა. დღეს უკვე ამა თუ იმ პროდუქტის, ინფორმაციისა თუ მომსახურების მიღება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უფრო სწრაფად და მარტივად ხელმისაწვდომი გახდა. გლობალურმა ციფრულმა კავშირებმა თითქმის გაანულა კომუნიკაციის ბარიერები, გაამარტივა ცოდნის გაზიარებისა და ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარების შესაძლებლობები. გარდა ამისა, ტექნოლოგიურმა პროგრესმა მძლავრი ბიძგი მისცა ინოვაციებს მედიცინაში, განათლებასა და ტრანსპორტირებაში, რამაც ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად აამაღლა.
ციფრული კაპიტალიზმის უარყოფითი შედეგები
მიუხედავად უდიდესი კომფორტისა, ციფრული კაპიტალიზმის ექსპანსიამ მთელი რიგი ღრმა სოციალური, ეკონომიკური და ეთიკური კრიზისი წარმოშვა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი პირადი სივრცის სრული დარღვევა და მონაცემთა ექსპლუატაციაა, რომლის ფონზეც მომხმარებელთა ყოველი ემოცია, სურვილი თუ გადაადგილების მარშრუტი უფასო ნედლეულად იქცა. კორპორაციები ამ მონაცემებით ქმნიან ადამიანების ფსიქოლოგიურ პროფილებს, რითიც მათ ქცევებსა და გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებენ და ამის ფონზე კონფიდენციალურობა უბრალო ფორმალობად იქცევა.
ამ ყველაფერს ემატება ბაზრის მონოპოლიზაცია. ქსელური ეფექტის წყალობით, ტექნოლოგიური გიგანტები პრაქტიკულად ანადგურებენ ჯანსაღ კონკურენციას, რის გამოც მცირე და საშუალო ბიზნესი ვეღარ ახერხებს დამოუკიდებელ განვითარებას და იძულებულია მონოპოლისტების მიერ დადგენილ წესებს დაემორჩილოს. პარალელურად, გიგ-ეკონომიკაში მკვიდრდება შრომითი ექსპლუატაციის ახალი ფორმები: მიუხედავად „მოქნილი გრაფიკის“ დაპირებისა, პლატფორმებზე დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა ან ანაზღაურებადი შვებულება, ხოლო მათ შრომას ალგორითმები აკონტროლებენ.
საბოლოოდ, ეს სისტემა ფსიქოლოგიურ და სოციალურ დეგრადაციასაც იწვევს. ვინაიდან პლატფორმების ბიზნესმოდელი მომხმარებლის ყურადღების შენარჩუნებაზეა დამოკიდებული, ალგორითმები ხელოვნურად აღვივებენ შფოთვას, ბრაზსა და დოფამინურ დამოკიდებულებას, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებში დეპრესიისა და მარტოობის მაჩვენებელს ზრდის. სენსაციური და პოლარიზებული კონტენტის წახალისებით, სოციალური ქსელები ასუსტებენ საზოგადოებრივი დიალოგისა და კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას, ხოლო პოლიტიკურ დაპირისპირებებს კიდევ უფრო აღრმავებენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით და არამარტო, ციფრული კაპიტალიზმის ფენომენი ეკონომისტებისა და სოციოლოგების მკაცრი კრიტიკის საგნად იქცა. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და წიგნის - „სათვალთვალო კაპიტალიზმის ეპოქა“ - ავტორი შოშანა ზუბოფი, ამტკიცებს, რომ ეს არის ძალისხმევის ახალი ფორმა, რომელიც ადამიანის გამოცდილებას უფასო ნედლეულად აქცევს. როგორც ის აღნიშნავს: „სათვალთვალო კაპიტალიზმი არის კაპიტალისტური ძალისხმევის ახალი ფორმა, რომელიც ადამიანის ქცევითი მონაცემების მოსაპოვებლად, მის გამოცდილებას უფასო ნედლეულად აქცევს. აღნიშნული ინფორმაციის ნაწილი იხარჯება ჩვენს პროგნოზირებასა და კონტროლზე, ნაწილი კი სპეციალურ ბაზრებზე იყიდება.“
ლონდონის ეკონომიკის სკოლის მკვლევარი და წიგნის - „პლატფორმული კაპიტალიზმი“- ავტორი ნიკ სრნიჩეკი პლატფორმების ინფრასტრუქტურულ როლზე ამახვილებს ყურადღებას: „პლატფორმა არ არის უბრალო შუამავალი. ის წარმოადგენს ახალ ინფრასტრუქტურას, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვის შეუძლია ეკონომიკურ თამაშში მონაწილეობა და რა პირობებით.“ თავის მხრივ, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორი კრისტიან ფუქსი სოციალური მედიის მომხმარებელთა უფასო შრომას იკვლევს და მიუთითებს: „სოციალური მედიის მომხმარებლები არ არიან უბრალოდ „მომხმარებლები“. ისინი კორპორაციებისთვის უფასოდ ქმნიან ეკონომიკურ ღირებულებებს, რომელთაც შემდეგ ეს უკანასკნელნი რეკლამის განმთავსებლებზე ყიდიან.“
როგორ დავიცვათ საკუთარი მონაცემები და არ ვიქცეთ ციფრული კაპიტალიზმის „უფასო მუშახელად“?
ციფრული კაპიტალიზმის სისტემაში სრული იზოლაცია თითქმის შეუძლებელია, თუმცა ადამიანს შეუძლია, შეამციროს თავისი ციფრული კვალის უკონტროლო ექსპლუატაცია და უფრო გააზრებულად მოეკიდოს იმას, თუ რა ინფორმაციას, სად და რა მიზნით გასცემს. მონაცემთა დაცვა მხოლოდ ტექნიკური პარამეტრების შეცვლას არ ნიშნავს, ეს ყოველდღიური ციფრული ჩვევების, ყურადღების მართვისა და საზოგადოებრივი სოლიდარობის ერთობლიობაა.
• მონაცემთა და პირადი სივრცის კონტროლი: რეგულარულად გადახედეთ აპლიკაციებისა და ანგარიშების კონფიდენციალობის პარამეტრებს, შეზღუდეთ მდებარეობის, კონტაქტებისა და აქტივობების მეთვალყურეობა, გამოიყენეთ უფრო დაცული ბრაუზერები, საძიებო სისტემები და ორდონიანი ავთენტიფიკაციის მექანიზმები. ნუ გააზიარებთ ზედმეტ პირად ინფორმაციას იქ, სადაც ამის რეალური საჭიროება არ არსებობს.
• ყურადღებისა და დროის დაბრუნება: სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებზე გატარებული ყოველი წუთი და რეაქცია კომერციული ღირებულების ნედლეულია. გამორთეთ არაარსებითი შეტყობინებები, ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ალგორითმულ ლენტს და გახსოვდეთ, რომ თქვენი დრო და ყურადღება შეზღუდული რესურსია და არა პლატფორმების უფასო საწვავი.
• ციფრული წიგნიერება და კოლექტიური მოქმედება: ინდივიდუალური სიფრთხილე მნიშვნელოვანია, მაგრამ მონოპოლიურ პლატფორმებსა და მონაცემთა ექსპლუატაციასთან გამკლავება მხოლოდ ცალკეული ადამიანის ძალისხმევით ვერ მოხერხდება. საჭიროა უფრო მკაცრი სამართლებრივი რეგულაციები, გამჭვირვალე წესები და საზოგადოებრივი მოთხოვნა, რათა ტექნოლოგიები ადამიანის საჭიროებებს ემსახურებოდეს და არა პირიქით.
საბოლოოდ, ციფრული კაპიტალიზმის „უფასო მუშახელად“ ქცევის თავიდან აცილება ნიშნავს იმას, რომ ონლაინსივრცეში ვიყოთ არა პასიური და ავტომატურად მართვადი მომხმარებლები, არამედ ინფორმირებული, კრიტიკული და საკუთარი არჩევანის გამცნობიერებელი მონაწილეები.




