ღაზას სექტორი - რატომ არის ეს ადგილი ახლო აღმოსავლეთის ცხელი წერტილი?

ფოტო: Getty Images
7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ ღაზას სექტორიდან ისრაელზე განხორციელებულმა თავდასხმებმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ახალი ესკალაცია გამოიწვია. აღნიშნულ საომარ მოქმედებებს ორივე მხრიდან უკვე ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. „ჰამასი“ არის პალესტინის რადიკალური ისლამისტური მოძრაობა, რომელსაც გერმანია, ევროკავშირი, შეერთებული შტატები და ზოგიერთი არაბული ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს. ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ღაზას სექტორი ისევ აქტუალურ თემად რჩება. თუ როგორ იქცა მიწის ეს პატარა ნაკვეთი ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილად, Deutsche Welle-მ გაიხსენა.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია
ღაზას სექტორი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ისრაელსა და ეგვიპტეს ესაზღვრება. ღაზას სექტორი მოიცავს ტერიტორიას, რომლის სიგანე, დაახლოებით, 10 კმ-ია, სიგრძე კი - 41 კმ. აღნიშნულ რაიონში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ზონად აქცევს. ბოლო მონაცემებით, ღაზაში მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე, დაახლოებით, 5,5 ათასი ადამიანია. შედარებისთვის, იგივე მაჩვენებელია ისრაელში - თითქმის 400 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე.
ვინ ცხოვრობს ღაზას სექტორში?
ღაზას სექტორი პალესტინელებით არის დასახლებული. ერთი მხრივ, ღაზას სექტორის მოსახლეობა მოიცავს როგორც მათ, ვინც თავიდანვე იქ ცხოვრობდა. მეორე მხრივ კი, 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნისა და ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის შემდგომი სამხედრო კონფლიქტების შედეგად, აქ დასახლდნენ ის ლტოლვილები, რომელთაც ისრაელის გარკვეული რაიონების დატოვება მოუწიათ. მოსახლეობის უმეტესობა ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს, განსაკუთრებით კი - ქალაქ ღაზაში. მათი უმეტესობა ძალიან ახალგაზრდაა, თითქმის 40%-ს 15-წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები შეადგენენ.
რა განსხვავებაა ღაზას სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს შორის?
პალესტინის ტერიტორია ღაზას სექტორსა და ისრაელის მიერ ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მოიცავს. დასავლეთ სანაპირო აღმოსავლეთ იერუსალიმთან, ისრაელსა და იორდანიას ესაზღვრება და მკვდარ ზღვაზე გადის. ის საგრძნობლად დიდია ფართობით, ნაკლებად მჭიდროდ არის დასახლებული და ღაზას სექტორისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ფუნქციონირებს პარტია „ფათჰი“, რომელიც „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციაში“ ყველაზე ძლიერი ფრაქციაა. ეს უკანასკნელი ისრაელის არსებობის უფლებას აღიარებს და დასავლეთის უმეტეს ქვეყანაში პალესტინელების წარმომადგენლად ითვლება.
ვინ მართავს ღაზას?
2007 წლიდან ღაზას სექტორს შეიარაღებული რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ მართავს. აღნიშნული გაერთიანების წარმომადგენლები ისრაელთან სამშვიდობო პროცესზე უარს ამბობენ. უფრო მეტიც, თავის წესდებაში „ჰამასი“ ისრაელის განადგურებას ითხოვს. ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმები წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. თუმცა ის, რაც 7 ოქტომბერს დაიწყო, კონფლიქტის დრამატული ესკალაციაა და ის კიდევ უფრო რთულდება.
რატომ არის ღაზას სექტორი იზოლირებული?
მას შემდეგ, რაც 2007 წელს „ჰამასი“ ხელისუფლებაში მოვიდა, ღაზას სექტორი ისრაელის მიერ კლასიფიცირებულია, როგორც "მტრული ტერიტორია" და ძირითადად, იზოლირებულად რჩება. ისრაელი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მარშრუტებს აკონტროლებს. მას შემდეგ „ჰამასი“ ისრაელზე თავდასხმას აგრძელებს და ამ ქმედებებს „თვითდაცვას“ უწოდებს. ამან წარსულში ისრაელის არმიასთან ოთხი ძირითადი სამხედრო შეტაკება გამოიწვია: 2008-2009 წლებში, 2012, 2014 და 2021 წლებში.
უმეტეს შემთხვევაში, ღაზას ბლოკადას მისი ერთადერთ მეზობელი ეგვიპტეც იზიარებს. ეკონომიკურმა იზოლაციამ კი ღაზას სექტორში ცხოვრების დონის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. შესაბამისად, მოსახლეობა ძირითადად სიღარიბეში ცხოვრობს. 15-დან 24-წლამდე მცხოვრებთა დაახლოებით 40%-ი უმუშევარია. პერსპექტივის ნაკლებობა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში, „ჰამასს“ მათ გადაბირებას ძალიან უადვილებს.
როგორ მარაგდება ღაზა?
ისრაელსა და ღაზას შორის ორი გამშვები პუნქტია. ერთი ადამიანებს ემსახურება (ერეზ), მეორე - ტვირთის გადაზიდვას (ქერემ შალომ/სუფა). ეგვიპტესთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი რაფაჰშია. ისრაელი ტვირთის გადაზიდვას მკაცრად აკონტროლებს, მათ შორის, ღაზას სექტორში იარაღის შეღწევის თავიდან ასაცილებლად. ხშირად იკეტება ეგვიპტესთან საზღვარიც, რაც „ჰამასს“ საშუალებას აძლევს, საქონელი გვირაბების მეშვეობით კონტრაბანდული გზით გადაიტანოს. ღაზას სექტორი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საერთაშორისო დახმარებაზე. გაეროს მონაცემებით, ეს მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს ეხება. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა მრავალრიცხოვანი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ისევ ბანაკებში ცხოვრობენ და მთლიანად დახმარებაზე არიან დამოკიდებული.
ღაზას მოსახლეობას სერიოზული პრობლემები აქვს - მათ ელექტროენერგია დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებათ. წყალი საკმარისი რაოდენობით არ არის და ადამიანების დიდ უმრავლესობას არ აქვს სუფთა სასმელი წყალი. ჯანდაცვის სისტემაც საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებული. ეს სექტორი განსაკუთრებით გადატვირთულია ისრაელთან სამხედრო კონფლიქტების დროს.





