ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. რას შეცვლის ეს?

ფოტო: Facebook
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. თუმცა მოსკოვისთვის ამ გადაწყვეტილებას იურიდიული შედეგები ჯერ არ მოუტანია. შეცვლის თუ არა ეს გადაწყვეტილება რამეს რეალურად, BBC-მ გაარკვია.
რა ხდება?
„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ადამიანის უფლებებისა თუ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები ტერორისტულ აქტებს უთანაბრდება“, - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლებმა დაამტკიცეს. ”უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს, რუსმა სამხედროებმა გააძლიერეს დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის - ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საავადმყოფოებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, სკოლებსა და თავშესაფრებზე. მათ ამით საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები დაარღვიეს. რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებით, ევროპარლამენტარებს სურთ ნიადაგი მოამზადონ იმისთვის, რომ პუტინმა და მისმა მთავრობამ ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულებებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე აგონ პასუხი“, - ნათქვამია ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განმარტებითი ხასიათის მქონე პუბლიკაციაში.
აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 494-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 58. ეს გადაწყვეტილება მოუწოდებს ბრიუსელს, შექმნას შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთის დამატების საკითხი განიხილოს. რეზოლუციაზე დართულ საინფორმაციო ნოტაში აღნიშნულია, რომ ეს დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის მოწოდების პასუხია. ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე მოუწოდებდა ევროპარლამენტს, რომ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ ეღიარებინა. თავად უკრაიანის პრეზიდენტი რეზოლუციის მიღებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა: „რუსეთი ყველა დონეზე უნდა იყოს იზოლირებული და დაეკისროს პასუხისმგებლობა, რათა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში მისი მრავალწლიანი ტერორისტული პოლიტიკა დასრულდეს“.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია რეზოლუციაზე იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და მათთვის ჩვეულ სტილში. აღნიშნული უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თავის „ტელეგრამ“ - არხზე წარმოადგინა წინადადება, რომ ევროპარლამენტი „იდიოტიზმის სპონსორად“ იყოს აღიარებული.
რეზოლუციის მიღებიდან მალევე, ევროპარლამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯაუმე დუჩმა Twitter-ზე დაწერა, რომ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე DdoS-შეტევა განხორციელდა და იმ მომენტისთვის მიუწვდომელი იყო. „ეს თავდასხმა იყო გარედან. ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, მაგრამ დღეს მივიღეთ რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს ვუწოდებთ“, - განუცხადა ევროპარლამენტის წარმომადგენელმა Euronews-ს ანონიმურობის დაცვის პირობით.
"ნიჩაბს ნიჩაბი უწოდეს"
"ჩვენ ნიჩაბს ნიჩაბი ვუწოდეთ. რუსეთი არის არა მხოლოდ ტერორიზმის დამფინანსებელი, არამედ ესაა სახელმწიფო, რომელიც ტერორიზმის საშუალებებს იყენებს," - განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც რეზოლუციის პოპულარიზაციაზე მუშაობდა. "ევროპარლამენტის მიერ ამ ფაქტის აღიარება მკაფიო პოლიტიკური სიგნალის გაგზავნას ნიშნავს. ევროპასა და ევროპელებს არ სურთ პასიურობა, როდესაც მათი დიდი მეზობელი ყველა ჰუმანიტარულ და საერთაშორისო სტანდარტს არღვევს,“- დასძენს პოლიტიკოსი.
მანამდე კი რუსეთის, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარების რეზოლუციები მიიღეს ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ესტონეთის პარლამენტებმა, ასევე - ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ. თითოეულ დოკუმენტზე კენჭისყრა ჩატარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიანი დაბომბვა დაიწყო. მსგავსი რეზოლუციის განხილვისკენ მოწოდება აშშ-ის ზოგიერთი კანონმდებლისგანაც ისმის. თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია ამას ეწინააღმდეგება და აღნიშნავს, რომ ასეთ სტატუსს შეერთებულ შტატებში არასასურველი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება, ეს კი უკრაინას ვერაფრით დაეხმარება.
რა შედეგებია მოსალოდნელი?
18 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, ევროკომისარმა ილვა იოჰანსონმა აღნიშნა, რომ ამჟამად ევროკავშირში არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ მესამე ქვეყანა ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ იქნეს აღიარებული. ასევე არ არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციებს დაარეგულირებს ან როგორღაც აღწერს ასეთ ქვეყნებთან ურთიერთობის წესებს.
სწორედ ამიტომ, ევროპარლამენტის რეზოლუციას რაიმე სამართლებრივი შედეგი რუსეთისთვის ჯერ არ ექნება. ევროკავშირში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის, ვსევოლოდ ჩენცოვის განცხადებით, რეზოლუცია უნდა იყოს „პოლიტიკური და მორალური განცხადება, რომელიც რუსეთის ხელისუფლების აღქმას შეცვლის და ის დამკვიდრდება, როგორც კრიმინალური რეჟიმი“.





