ძალოვნების დაპირისპირება სუდანში: ვინ ვის ებრძვის და რომელი მხარეა რუსეთთან დაკავშირებული?

ფოტო: Reuters
სუდანის დედაქალაქ ხართუმსა და ქვეყნის სხვა რაიონებში გაჩაღებული საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ძალაუფლებისთვის სასტიკი ბრძოლის პირდაპირი შედეგია. დედაქალაქის მთავარ სტრატეგიულ პუნქტებში, გასამხედროებული ძალების წევრებსა და რეგულარულ არმიას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. თუ რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნული სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ, BBC-მ გაარკვია.
რა წინაპირობა ჰქონდა ამ დაპირისპირებას?
2021 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, სუდანს გენერლების საბჭო მართავს. სწორედ მათგან ორ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო პირს შორის გაჩაღდა კონფლიქტი. ერთ-ერთი მათგანია გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი, რომელიც შეიარაღებული ძალების მეთაური და ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტია. მეორე არის მისი მოადგილე და სწრაფი მხარდაჭერის ძალების მეთაური, გენერალი მოჰამედ ჰამდან დაგალო, ასევე ცნობილი, როგორც - ჰემეტი (ზოგჯერ იწერება ჰემედტი ან ჰამედტი - რედ.). მათი აზრები ორად გაიყო ქვეყნის მართვის სტილსა და იმ მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელიც სამოქალაქო მმართველობას გულისხმობს. მთავარი საკამათო პუნქტები იყო ის, რომ სწრაფი მხარდაჭერის ძალები (და ეს დაახლოებით 100 ათასი ადამიანია) რეგულარულ არმიას უნდა შეერთებოდა თუ არა და ვინ უხელმძღვანელებდა ჯარს ამის შემდეგ.
რატომ დაიწყო ეს ყველაფერი 15 აპრილს?
რამდენიმედღიანი დაძაბულობის შემდეგ, კონფლიქტი ახალ ფაზაში შევიდა. სწრაფი მხარდაჭერის ძალების წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდნენ, არმიამ კი ეს საფრთხედ მიიჩნია. მცირე იმედი, რომ სიტუაციის მოგვარება მოლაპარაკებებით იქნებოდა შესაძლებელი, არ გამართლდა, რადგან ასეთი შეხვედრები არც დაწყებულა. უცნობია, თუ ვინ გაისროლა პირველმა შაბათს დილით, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ ეს ისედაც არასტაბილურ ვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს. თავის მხრივ, დიპლომატებმა ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
რას წარმოადგენენ სწრაფი მხარდაჭერის ძალები?
სწრაფი მხარდაჭერის ძალები 2013 წელს ჩამოყალიბდა ოდიოზური დაჯგუფება „ჯანჯავიდის“ ბაზაზე, რომელიც აჯანყებულებს დარფურში ბარბაროსული მეთოდებით ებრძოდა. მას შემდეგ გენერალმა დაგალომ შექმნა ძლიერი სამხედრო დანაყოფი, რომელიც იემენისა და ლიბიის კონფლიქტებში მონაწილეობდა, ასევე - სუდანის ზოგიერთ ოქროს მაღაროს აკონტროლებს. აღნიშნული დაჯგუფების წევრებს ასევე ბრალი ედებათ ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის - 2019 წლის ივნისში, 120-ზე მეტი დემონსტრანტის მასობრივ მკვლელობებში. ძლიერი გასამხედროებული ჯგუფი, რომელიც რეგულარულ ჯარს არ ექვემდებარება, ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
რა კავშირი აქვს გენერალ ჰამდანს რუსეთთან?
ყოფილი აქლემებით მოვაჭრე, აწ უკვე გენერალ-ლეიტენანტი მოჰამედ ჰამდან დაგალო სტაბილურად და ეტაპობრივად აგროვებდა გავლენასა და სიმდიდრეს სუდანში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მანამ, სანამ ძალაუფლების უმაღლესი მწვერვალები არ დაიპყრო. ის იყო მეთაური „ჯანჯავიდის“ დაჯგუფებისა, რომელსაც დარფურში მიმდინარე კონფლიქტის დროს მასობრივ დანაშაულებში ედება ბრალი. აღნიშნული დაპირისპირება 2003 წელს დაიწყო და 300 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მილიონობით ადამიანი კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ჰამდანის საქმიანობამ პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის ყურადღება მიიპყრო და ის 2013 წელს „ჯანჯავიდის“ სწრაფი მხარდაჭერის ძალების ხელმძღვანელად დანიშნა. თუმცა 2019 წელს საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლის მონაწილებიც ალ-ბაშირის გადადგომას ითხოვდნენ, გენერალი ჰამდანი ყოფილი მფარველის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა და მის დამხობაში მონაწილეობდა. 2019 წელს, სწორედ სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა ჩაახშეს დემოკრატიული საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მოთხოვნაც სუდანში სამოქალაქო მმართველობის დამყარება იყო.
ზოგიერთი ცნობით, აღნიშნული დაჯგუფების წევრები იემენში დაქირავებულ მებრძოლებად იბრძვიან იმ კოალიციის შემადგენლობაში, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს. სუდანში კი ჰემეტის ინტერესები ოქროს მოპოვებასა და სამშენებლო ბიზნესს უკავშირდება. ის ასევე დაკავებულია რეგიონული პოლიტიკით და რუსეთთან კავშირების განვითარებაზე მუშაობს. 2022 წლის მარტში სუდანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აპირებენ 2020 წელს შეჩერებული შეთანხმების განახლებას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი პორტ-სუდანში, წითელ ზღვაზე მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზას 25-წლიანი იჯარით მიიღებდა. პარალელურად, ჰამდანი გაემგზავრა მოსკოვში, სადაც შეხვდა რუს ოფიციალურ პირებს, მათ შორის - საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს.
სუდანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SUNA-ს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქამდე არსებული ყველა ეკონომიკური, დიპლომატიური და უსაფრთხოების მიმართულების შეთანხმებები განაახლონ. მიმდინარე წლის მარტში, სერგეი ლავროვის ვიზიტის შემდეგ კი, სუდანის სამხედრო რეჟიმმა რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობა დაამტკიცა. აქ 300-მდე სამხედრო პირი და ოთხი ხომალდი განთავსდება. სანაცვლოდ კი, მოსკოვი ხართუმს იარაღსა და სამხედრო ტექნიკას მიაწვდის. 16 მარტს, "პრიგოჟინის პრესსამსახურმა" თავის ტელეგრამ-არხზე, New York Times-ის კორესპონდენტის პასუხად, ჩვეული სტილის ინფორმაცია გაავრცელა: "ჩვენ ... არანაირი კავშირი არ გვაქვს... ბატონ ჰამედტისთან“.
რატომ მართავენ სუდანს სამხედროები?
შაბათ-კვირას დაწყებული საბრძოლო მოქმედებები, 2019 წელს პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის გადაყენების შემდეგ არსებული დაძაბულობის ბოლო აფეთქებაა. ეს უკანასკნელი ხელისუფლებაში თითქმის სამი ათეული წელი იყო. მას შემდეგ, რაც მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეები ალ-ბაშირის გადაყენებას მოითხოვდნენ, სამხედროებმა გადატრიალება მოაწყეს და ქვეყნის მართვა თავად დაიწყეს. არა და, მშვიდობიანი მოსახლეობა დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლას ითხოვდა. შედეგად კი შეიქმნა ერთობლივი სამხედრო-სამოქალაქო მთავრობა, მაგრამ 2021 წლის ოქტომბერში მომხდარი მორიგი გადატრიალების შედეგად დაამხეს. მას შემდეგ გენერალ ბურჰანსა და გენერალ დაგალოს შორის მეტოქეობა გამძაფრდა. გასული წლის დეკემბერში შეთანხმდა ჩარჩო-შეთანხმება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძალაუფლების გადაცემას ითვალისწინებდა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილი მოლაპარაკებები ჩაიშალა.
როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
თუ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება, ამან შეიძლება კიდევ უფრო დაქსაქსოს ქვეყანა და პოლიტიკური არასტაბილურობა გაამწვავოს. დიპლომატები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს მოსახლეობის დარწმუნებაში, რომ სამოქალაქო მმართველობის დაბრუნება იყო საჭირო, შეეცდებიან იპოვონ გზა, რათა ორი გენერალი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან. იმავდროულად, რიგით სუდანელებს გაურკვევლობის კიდევ ერთი პერიოდი ელით.





