Deutsche Welle: ევროკავშირი ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის ძიებაშია

ფოტო: AP
პალესტინა სახელმწიფოდ ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. თუმცა ევროკავშირს არ აქვს ერთიანი კონცეფცია, რომელიც ეხება ახლო აღმოსავლეთში კრიზისის დაძლევის შემდეგ პრინციპს - „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“. ეს ნიშნავს, ერთი მხრივ, ისრაელისა და მეორე მხრივ, პალესტინის სახელმწიფოს არსებობას იმ საზღვრებში, რაც დაახლოებით 30 წელზე მეტი ხნის წინ იყო ასახული ოსლოში, ისრაელსა და პალესტინელებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მართალია, ბრიუსელი „ორი სახელმწიფოს“ პრინციპის ერთგულად რჩება ოფიციალურად, მაგრამ მისი განხორციელება ყოველდღიურად სულ უფრო რთული ხდება. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის განცხადებით, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება ამჟამინდელი პრიორიტეტია, მაგრამ „თუ გვსურს გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტა, მეტი უნდა გავაკეთოთ“.
ევროკავშირის თერთმეტმა სახელმწიფომ პალესტინა აღიარა
ისრაელს სახელმწიფოდ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს. პალესტინასთან მიმართებით, მათი რიცხვი თერთმეტია. ბულგარეთს, უნგრეთს, კვიპროსს, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთსა და შვედეთს ნორვეგია, ირლანდია და ესპანეთი შეუერთდნენ. საერთაშორისოდ აღიარებული პალესტინის სახელმწიფო მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს, აღმოსავლეთ იერუსალიმისა და ღაზას სექტორისგან შედგება. თუმცა ამ ტერიტორიებზე ერთიანი მთავრობა არ არსებობს და ღაზას სექტორს მართავს „ჰამასი“, რომელსაც ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებს მიაკუთვნებს.
მალტამ და სლოვენიამ განაცხადეს, რომ ისინი აღიარებენ პალესტინას, როგორც კი შესაფერისი მომენტი დადგება. ამის საპირისპიროდ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაჯა ლაბიბის თქმით, ამ დროისთვის, ბრიუსელი პალესტინის ტერიტორიების სახელმწიფოდ აღიარებას არ აპირებს. ევროკავშირის წევრი დასავლეთევროპული ქვეყნების უმეტესობა პალესტინის სახელმწიფოს არ აღიარებს და მათ შორის არის გაერთიანებული სამეფო და აშშ-ც. აღმოსავლეთ ევროპის წევრმა ქვეყნებმა, პოლონეთიდან ბულგარეთამდე, პალესტინა სახელმწიფოდ აღიარეს ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც ისინი იყვნენ სოციალისტური ბლოკის ნაწილი და სსრკ პალესტინელებს უჭერდა მხარს. თავის დროზე, გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამაც აღიარა პალესტინა. თუმცა, 1990 წლის 3 ოქტომბერს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ამ გადაწყვეტილებამ ძალა დაკარგა.
მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, როგორც პალესტინის აღიარების პირობა
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის, გერმანია, მზად არის აღიაროს პალესტინის სახელმწიფო მხოლოდ მაშინ, როცა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დამყარდება და ისრაელიც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს. თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ ორი სახელმწიფოს თეორია ჯერ კიდევ „ჰამასთან“ მიმდინარე ომის დაწყებამდე უარყო. ისრაელის სახელმწიფოს არსებობას, თავის მხრივ, არც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ აღიარებს და უფრო მეტიც, მიზნად სწორედ მისი განადგურება აქვს დასახული. "ჩვენ მხარს ვუჭერთ პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, მაგრამ ის უნდა აღიაროს ისრაელმა. რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება იყოს პალესტინის სახელმწიფო, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ხელმძღვანელობს“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ.
სისხლისმღვრელი კონფლიქტი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის უნდა დასრულდეს მანამ, სანამ ორი სახელმწიფოს არსებობის იდეის სერიოზული განხილვა დაიწყება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 27 მაისს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოწოდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა „დასრულდეს როგორც მძევლების, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა ღაზაში“.
სასამართლოს გადაწყვეტილება დაიგნორებულია. ახლა რა მოხდება?
ცეცხლის შეწყვეტამდე ალბათ ჯერ კიდევ შორია. „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან, კერძოდ კი, რაფაჰიდან თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები კიდევ ერთხელ გაისროლა. თავის მხრივ, ისრაელის არმიამ რაფაჰთან ახლოს მდებარე ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა. პალესტინელთა განცხადებით, ამის შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა. „ორივე მხარე უგულებელყოფს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში. „ეს პრობლემაა. როგორ შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეუწყოს ხელი? - ჰკითხა მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს. 24 მაისს ჰააგის სასამართლომ, სამხრეთ აფრიკის მიმართვის შემდეგ, უბრძანა ისრაელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია რაფაჰში, ქალაქ ღაზას სამხრეთით და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაუშვას. "საერთაშორისო სამართალი ვრცელდება ყველაზე. ეს ასევე ეხება ისრაელის სამხედრო მოქმედებებს", - განაცხადა ბერბოკმა ბრიუსელში. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ „ჰამასიც“ არღვევს საერთაშორისო სამართალს, როდესაც საკუთარ პოზიციებს მშვიდობიან მოსახლეობაში მალავს. ამდენად, ტერორისტები რაფაჰის მოსახლეობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. „ისრაელს ხაფანგს უწყობენ. ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივია, ისრაელის განზრახვებს დისკრედიტაციას უწევს“, - აღნიშნა ტაიანიმ.





