Deutsche Welle: ახალი კონფლიქტი კოსოვოში - ევრო დინარის წინააღმდეგ

ფოტო: AFP
კოსოვოში ეროვნული ვალუტა ევროა. თუმცა იმ ადგილებში, სადაც უმრავლესობას სერბები წარმოადგენენ, კვლავ დინარს იყენებენ. ოფიციალურ პრიშტინას კი სურს, ყველგან ერთი და იგივე ვალუტა შემოიღოს.
რა ხდება?
2024 წლის 1 თებერვლიდან, სერბული ვალუტა დინარი კოსოვოში გადახდის საშუალება აღარ უნდა ყოფილიყო. ეს გადაწყვეტილება პრიშტინის მთავრობამ მიიღო. სამაგიეროდ, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის - სერბებით დასახლებულ ადგილებში, მიმოქცევაში სრულად ევრო იქნებოდა. აღნიშნული ვალუტა 2002 წლიდან არის გადახდის ოფიციალური საშუალება სერბეთის ყოფილ პროვინცია კოსოვოში, რომელიც 2008 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. თუმცა კოსოვოს რესპუბლიკის ჩრდილოეთით, სადაც მოსახლეობის 95%-ს სერბული უმცირესობა წარმოადენს და სადაც ქუჩები სერბული დროშებით არის მორთული, ნებისმიერი ფულადი ტრანზაქცია სერბულ დინარში სრულდება. ქალაქ ზუბინ-პოტოკში ფოსტის ბანკთან გრძელი რიგები დგას, რადგან მოქალაქეებს სურთ, მიიღონ დინარი, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდებათ.
სამთვიანი გარდამავალი პერიოდი
ცვლილებები, რომლებიც ეხება არა მხოლოდ დინარს, არამედ - ყველა სხვა უცხოურ ვალუტას, კოსოვოში 1 თებერვლიდან ამოქმედდა. 3 თებერვალს კი, კოსოვოს პოლიციამ სერბეთთან საზღვარზე გააჩერა ფურგონი, რომელშიც ოთხი მილიონი სერბული დინარი იყო და მისი კონფისკაცია ჩაატარა. საზღვრიდან კიდევ ერთი ფულით დატვირთული ფურგონი დააბრუნეს. ჩრდილოეთით, სერბებით დასახლებულ ქალაქ მიტროვიცაში ათასობით ადამიანი აღნიშნულ ცვლილებას აპროტესტებს, საერთაშორისო საზოგადოება კი კოსოვოს ეროვნული ბანკის ცალმხრივ და ნაჩქარევ ქმედებებს აკრიტიკებს. 2 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა ტემპი დააგდო და სამთვიანი გარდამავალი პერიოდი დაუშვა. სერბეთსა და კოსოვოში არსებულ სამ ბანკს (Raiffeisen, NLB და ProCredit) უფლება მიეცა, დინარი მიიღონ და ევროში გადააკონვერტირონ. გარდა ამისა, საუბარია იმაზეც, თუ როგორ მოხდება სამომავლოდ კოსოვოში დინარის ევროში გადაცვლა.
„ეს პრობლემა ეხება არა მხოლოდ კოსოვოს ჩრდილოეთს, არამედ კოსოვოს მთელ სერბ მოსახლეობას, რადგან აღნიშნული სიახლე პირდაპირ გავლენას ახდენს დაახლოებით 95 000 ადამიანის ხელფასებზე, პენსიებსა და სოციალურ დახმარებაზე“, - ამბობს ვენის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი ილრ დედა. სერბეთი აგრძელებს სკოლების, საავადმყოფოებისა და ბიუროების მხარდაჭერას კოსოვოში, სადაც რეგიონში მცხოვრებ სერბებს შეუძლიათ სხვადასხვა ფინანსური საკითხის რეგულირება, მაგალითად, პენსიის უზრუნველყოფა. კოსოვოს ყოფილ დეპუტატ ილრ დედასთვის ვალუტა არ არის მთავარი საკითხი. „ამ კრიზისის არსი არის არა ვალუტის მიმოქცევა, არამედ - კოსოვოში სერბების მიერ დაფინანსებული და კონტროლირებადი ინსტიტუტებისთვის საერთო გადაწყვეტილების არ არსებობა“, - ამბობს ის.
ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიალოგი დამუხრუჭებულია
ევროკავშირი საერთო გადაწყვეტილების მიღწევას ბელგრადსა და პრიშტინას შორის ე.წ. დიალოგის გზით ცდილობს, მაგრამ ეს პროცესი, ფაქტობრივად, 2013 წლიდან შეჩერებულია. ბოლო დროს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ბელგრად-პრიშტინას დიალოგში, მიროსლავ ლაიჩაკი მხოლოდ სიტუაციის ესკალაციისა და ძალადობრივი შეტაკებების საფრთხეზე იყვნენ ორიენტირებულნი. დიალოგის განახლების ბოლო მცდელობა იყო 2023 წლის მარტში, მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში. თუმცა იქ მიღწეულ შეთანხმებას ხელი არ მოეწერა. უფრო მეტიც, 2023 წლის დეკემბერში, სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა ბრიუსელში გაგზავნა წერილი, რომლითაც მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ არ თვლის არც ბრიუსელისა და არც ოჰრიდის შეთანხმებებს სამართლებრივად სავალდებულოდ, შესაბამისად, გარკვეული პუნქტების შესრულებას სულაც არ აპირებს.
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ვალუტის საკითხზე
კოსოვოელი სერბი ჟურნალისტი და პოლიტიკური ანალიტიკოსი მიტროვიცადან ბრანისლავ კრსტიჩი თვლის, რომ ევროზე გადასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება "კოლექტიური უფლებების დარღვევაა". "დინარის შესახებ გადაწყვეტილება ჩვენს ცხოვრებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, კოსოვოში ცხოვრება სერბებისთვის შეუძლებელი გახდეს", - განაცხადა მან DW-სთან ინტერვიუში. იმავე მოსაზრებას იზიარებს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი. მან გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის სასწრაფოდ მოწვევაც კი მოითხოვა „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულსა“ და „კოსოვოს შესახებ 1244-ე რეზოლუციის დარღვევასთან დაკავშირებით“. მართლაც, 8 თებერვალს უშიშროების საბჭომ განიხილა ეს საკითხი და კონტრაგენტებმა თავიანთი პოზიციები წარმოადგინეს.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროს შემოღება მთელ კოსოვოში სერბი უმცირესობის წინააღმდეგ მიმართული შურისძიება კი არ არის, არამედ უკანონო ფულადი ტრანზაქციების წინააღმდეგ არის მიმართული. მან ასევე პირობა დადო, რომ კოსოვოელ სერბებს ახალ ვალუტაზე გადასვლის პროცესში დაეხმარება. გაეროს უშიშროების საბჭო შეჯერდა ევროკავშირის შუამავლობით გამართულ დიალოგზე, რომელიც, როგორც წესი, ასეთი კონფლიქტების მოგვარების პლატფორმაა. ამას დაეთანხმება ილირ დედეც. ”ევროკავშირის მხარდაჭერილი დიალოგი ძალიან რთული პროცესია, მაგრამ ის რჩება ერთადერთ მექანიზმად, რომელიც ჩვენ გვაქვს და გვექნება უახლოეს მომავალში”, - განუცხადა მან DW-ს. ”დასავლეთის მტკიცე, საიმედო და წინდახედული მონაწილეობის გარეშე, კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თემა არ დაიხურება“,- დაასკვნა ილირ დედემ.
პრიშტინას გადაწყვეტილებამ უკვე არსებული კავშირების სისტემა ჩამოშალა
პრიშტინას მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა ბელგრადსა და კოსოვოელ სერბებს შორის დამყარებული კავშირების სისტემა გაანადგურა. მაგალითად, წარმატებული სერბი სტუდენტები კოსოვოში ბელგრადიდან იღებენ სტიპენდიას. აღნიშნული თანხა თვეში 12 000 დინარია (დაახლოებით, 100 ევრო) და როგორ შეიძლება მან მიმღებამდე მიაღწიოს, ჯერჯერობით უცნობია. წესით, გამოსავალი სამთვიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში უნდა მოიძებნოს. მილოშ ვუჩინიჩი, რომელიც ზუბინ-პოტოკის სერბულ სკოლაში დადიოდა, ამ სიახლეებით დამფრთხალია. მას აინტერესებს, რა შედეგი შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს. ის ფიქრობს, რომ კოსოვოში სერბული უმცირესობის მომავალი გაურკვეველია. ის თავის პირად მომავალს ბელგრადში ან მის ფარგლებს გარეთ ხედავს.





