დაიწყო თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის ახალი, გაჭიანურებული ფაზა და უნდა ველოდოთ თუ არა დაზავებას?

ფოტო: shutterstock.com
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ომის ახალი, გაჭიანურებული ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ქვეყანას "უაღრესად მძიმე კვირები" ელოდება. ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინის არმიის ერთმილიონიანი შემადგენლობით გაფართოების პირობაც დადო. ამ ყველაფრის პარალელურად, დასავლელმა ლიდერებმა ვლადიმერ პუტინთან კონტაქტი განაახლეს და ზავის აუცილებლობაზე საუბარიც დაიწყეს. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების აუცილებელი წინაპირობა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანაა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?- ამის გარკვევას BBC შეეცადა.
რა ხდება?
ოლექსი რეზნიკოვმა „ფეისბუქზე“ უკრაინელი ხალხისადმი მიმართვა გამოაქვეყნა. მისი თქმით, მოსკოვის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, კრემლში იმედოვნებდნენ, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში კაპიტულაციას გამოაცხადებდა. თუმცა, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინელმა ხალხმა ეს გეგმები ჩაშალა და შესაბამისად, კრემლმა სტრატეგიული მარცხი განიცადა. რუსეთის ჯარმა კი, რომელსაც დიდი ზარალი მიადგა და კიევის მიმდებარედ დამარცხდა, ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია და ის იძულებული გახდა ტაქტიკა შეეცვალა. „ამ ფონზე ჩვენ შევდივართ ომის ახალ, ხანგრძლივ ფაზაში. მასში გამარჯვებისთვის საჭიროა რესურსების ზუსტად გამოყენება, შეცდომების თავიდან აცილება და ჩვენი ძალების ისე განაწილება, რომ საბოლოოდ მტერმა ვეღარ გაუძლოს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მარტის ბოლოს რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებიდან, მათ შორის კიევის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისი შენაერთების გაყვანის შესახებ განაცხადა. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ ეს ნაბიჯი იყო "კეთილი ნების ჟესტი" სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებს შორის ნდობის გასამყარებლად. თუმცა, დასავლელი ექსპერტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკან დახევა გახდა მასშტაბური სამხედრო მარცხის შედეგი, რომელიც რუსმა სამხედროებმა უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე განიცადეს.
შეტევა დონბასზე
აპრილში რუსეთის არმიამ უკრაინაში „თავისი ოპერაციის“ მეორე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. კრემლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიის დაკავებას აპირებდა. უფრო კონკრეტულად კი, მოსკოვი გეგმავდა თვითგამოცხადებული "რესპუბლიკებისთვის" შეეერთებინა დონბასის ის ტერიტორიებიც, რომლებიც 2014-2015 წლების ომის შემდეგ კიევის კონტროლქვეშ დარჩა.
თუმცა "დონბასზე დიდი შეტევიდან" დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, რუსეთის ჯარებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მხოლოდ რამდენიმე პატარა დასახლებული პუნქტი აიღეს. მათ ასევე ჯერჯერობით ვერც მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარება შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთლიანად დანგრეული ქალაქის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული, „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების განდევნას კრემლი ჯერ კიდევ ცდილობს. პარალელურად, უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში დაიწყო კონტრშეტევა, რის შედეგადაც ზოგიერთ რაიონში რუსეთის ჯარები უკრაინის სახელმწიფო საზღვრებიდან განდევნეს.
„მიმდინარე მოვლენები რომ შევაჯამოთ, ახლა არის სტრატეგიული გარდატეხა უკრაინის სასარგებლოდ. ეს პროცესი გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი აღნიშნული ტენდენციები რუსეთის დამარცხებას გარდაუვალს ხდის", - განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინის არმიის მთავარი იმედები ფრონტის ხაზზე ახალი ძალების მოზიდვას უკავშირდება. კიევი ამ სამხედოების აღჭურვას ფიქრობს იმ დასავლური ტექნიკით, რომელიც სულ უფრო და უფრო შედის უკრაინაში მას შემდეგ, რაც დასავლეთმა უკრაინის სამხედრო ძალის ირწმუნა და კიევის, სუმისა და ჩერნიგოვის მახლობლად რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ საზარელი მტკიცებულებები ნახა. "ძალიან რთული კვირები გველოდება. თუ რამდენი იქნება ეს, დანამდვილებით ვერავინ იტყვის. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ თავდაცვას ძირითადად საკუთარი ძალებით უზრუნველვყოფთ", - აღნიშნა რეზნიკოვმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპზე 1500 უკრაინელი ჯარისკაცი ახალი დასავლური აღჭურვილობის გამოყენებას სწავლობს და შემდეგ ისინი ინსტრუქტაჟს სხვებს გაუწევენ.
მილიონიანი არმია?
ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინა თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებას გეგმავს. "ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ დავამატოთ 1 მილიონი ადამიანი, რომელიც მტერს შეებრძოლება", - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
თუ უკრაინის არმია ახალი შენაერთების ჩამოყალიბებას აქტიურად განაგრძობს და იარაღის მარაგის შევსებას იმედოვნებს (ჯერჯერობით ტექნიკის რაოდენობითა და სიმძლავრით ის რუსეთს მნიშვნელოვნად ჩამორჩება), ფრონტის ხაზზე ახალი ჯარისკაცების მოზიდვას რუსი სამხედროებიც მთელი ძალით ცდილობენ. მედიის, მათ შორის BBC-ის კორესპონდენტების ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის ხელისუფლებისთვის ამ მიზნის მიღწევა ადვილი სულაც არ არის.
არლინგტონში მდებარე CNA-ის რუსეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა მაიკლ კოფმანმა Twitter-ზე დაწერა, რომ განადგურებული სამხედრო შენაერთების შევსებას რუსეთი ჯერ ვერ ახერხებს და არ სურს მიიღოს ფორმალური ზომები (როგორიცაა უკრაინისთვის ომის გამოცხადება, რეზერვისტების მობილიზება ან წვევამდელების გაგზავნა ფრონტის ხაზზე), რომლებიც ამ პრობლემას გადაჭრის. "ამ ეტაპზე რუსეთისთვის შესაძლებლობების წრე ვიწროვდება. რაც უფრო მეტხანს აყოვნებენ, მით უფრო დაზარალდება მათი ომის წარმოების უნარი და მოვლენების შემდგომი განვითარების სცენარიც მათთვის უარესი იქნება", - მიიჩნევს კოფმანი.
როგორც დასავლელი, ასევე უკრაინელი სამხედრო ექსპერტები თავს იკავებენ ზუსტი პროგნოზების გაკეთებისგან, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს "ომის ახალი ეტაპი", რომელზეც რეზნიკოვი საუბრობს. „სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ეს იქნება არა ერთი თვე, არამედ შეიძლება ხუთი ან ექვსი, განსაკუთრებით კი - აქტიური ფაზა“, - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რამდენად შესაძლებელია ზავის დადება?
ომის საწყის ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრის შესახებ მზადყოფნა, თანამოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, არაერთხელ დააფიქსირა. თუმცა ახლა მისი რიტორიკა გამკაცრდა. იტალიურ ტელეარხ RAI1-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ორი ლიდერის შეხვედრის ამოსავალი წერტილი უკრაინიდან რუსეთის ჯარების სრული გაყვანა უნდა იყოს. "როგორც პრეზიდენტი, მე მზად ვარ, პუტინთან ვისაუბრო, მაგრამ მხოლოდ მასთან, მისი შუამავლების გარეშე, დიალოგის და არა ულტიმატუმის პირობებში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. "გაეთრიეთ იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც 24 თებერვლიდან გაქვთ ოკუპირებული. ეს არის პირველი აშკარა ნაბიჯი საუბრისკენ“, - დასძინა ზელენსკიმ.
ამავდროულად, რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს დასავლელმა ლიდერებმა. თავდაპირველად გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამართა პუტინთან სატელეფონო საუბარი. მან ამის შესახებ Twitter-ზე ასე დაწერა: „სამი რამ პუტინთან დღევანდელი ხანგრძლივი სატელეფონო ზარის შემდეგ: უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს ცეცხლი. იმის მტკიცება, რომ იქ ნაცისტები მართავენ, მცდარია. მე ასევე აღვნიშნე რუსეთის პასუხისმგებლობა გლობალურ სასურსათო მდგომარეობაზე“.
თავის მხრივ, კრემლის ვებგვერდი იუწყება, რომ პუტინმა თანამოსაუბრეს "დონბასის სახალხო რესპუბლიკების დასაცავად წარმოებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის ლოგიკა და ძირითადი ამოცანები" აუხსნა. რუსეთის პრეზიდენტმა შოლცს ასევე შესჩივლა საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტებსა და იმ ტერორისტული მეთოდების გამოყენებაზე, რომელთაც, მისი თქმით, „ნაცისტური იდეოლოგიის მატარებელი უკრაინელი ბოევიკები“ მიმართავენ. ამასთანავე პუტინი წუხს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები "არსებითად კიევის მიერ არის დაბლოკილი".
გარდა ამისა, ომის დაწყებიდან პირველად რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ამერიკელ კოლეგა ლოიდ ოსტინთან ერთად უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა. „ოსტინმა უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა და კომუნიკაციის შენარჩუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. თუმცა, ბევრს აინტერესებს, რამდენად მოგებიანია ზავი თავად უკრაინისთვის მანამ, სანამ რუსეთს დაკავებული აქვს მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ხერსონის თითქმის მთელი ოლქი, ასევე, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, დონეცკისა და ლუგანსკის გარკვეული რაიონები.
აი, როგორ შეაფასა შოლცისა და პუტინის საუბარი Twitter-ზე რუსმა ოპოზიციონერმა და მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა: „შოლცის საუბარი დაზავებაზე მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ჯერ კიდევ აკონტროლებს, დაცინვაა. ეს ვერ შეაჩერებს უკრაინელების მკვლელობას, წამებასა და გატაცებას“. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, რომელიც ცოტა ხნის წინ პუტინსა და ზელენსკის შეხვდა, პირდაპირ თქვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დაზავების შანსი არ არსებობს. იქამდე კი შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის ბედი ბრძოლის ველზე უნდა გადაწყდეს და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოსკოვმა ეს ბრძოლა წააგოს.





