ჩრდილოეთ ირლანდიის არჩევნებში გაიმარჯვა პარტია „შინ ფეინმა“, რომელიც ერთიანი ირლანდიის მომხრეა. Რას ნიშნავს ეს?

ფოტო: shutterstock.com
100-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთ ირლანდიის არჩევნებში გაიმარჯვა პარტია „შინ ფეინმა“, რომელიც ირლანდიის ერთიანობის იდეას ემხრობა. შესაბამისად, ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ეძლევა შანსი, რომ პრემიერმინისტრი დანიშნოს, მაგრამ ამისათვის მას ბრიტანეთის სამეფო ტახტის ერთგულ ლოიალისტებთან მოლაპარაკებების წარმოება მოუწევს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - BBC-მ ამ კითხვაზე პასუხები მოიძია.
რა ხდება უფრო კონკრეტულად?
„შინ ფეინმა“ ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეაში 27 მანდატი მოიპოვა და აღნიშნულ ორგანოში ყველაზე დიდი ფრაქცია გახდა. 90 საარჩევნო ოლქიდან მხოლოდ ორი არ არის დათვლილი. „შინ ფეინის“ ლიდერმა მიშელ ო'ნილმა არჩევნებს ისტორიული დღე უკვე უწოდა და ამ პოლიტიკური გაერთიანების მთავარ მიზნად დაასახელა რეფერენდუმი, რომელიც გაერთიანებული სამეფოსგან ჩრდილოეთ ირლანდიის გამოყოფასა და ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანებას მიეძღვნება.
რა არის „შინ ფეინი“ და როგორ არის ის ირლანდიის რესპუბლიკის არმიასთან დაკავშირებული?
ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფლიქტის მიმდინარეობის პერიოდში, „შინ ფეინი“ მჭიდროდ იყო დაკავშირებული „ირლანდიის დროებით რესპუბლიკურ არმიასთან“. ორივე ორგანიზაცია წარმოიშვა მემარცხენე ნაციონალისტური პარტია „შინ ფეინიდან“, რომელიც 1905 წელს არტურ გრიფიტმა დააარსა. ირლანდიური გელურიდან თარგმანში „შინ ფეინი“ ასე ჟღერს - "ჩვენ თვითონ".
„შინ ფეინს“ „ირლანდიის დროებითი რესპუბლიკური არმიის“ პოლიტიკურ ფრთას უწოდებდნენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მარტინ მაკგინნესმა „ირლანდიის დროებითი რესპუბლიკური არმიის“ საბრძოლო ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ის, სულ ცოტა, ერთი ტერაქტის მომზადებაში პირადად მონაწილეობდა. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შემდეგ, მაკგინნესმა პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო და 2007-2017 წლებში ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერმინისტრის მოადგილე გახლდათ. 2012 წელს, ბელფასტში ვიზიტის დროს, დედოფალმა ელისაბედ მეორემ მაკგინნესს ხელი ჩამოართვა, რასაც ბევრმა დამკვირვებელმა ისტორიული მომენტი უწოდა.
თუმცა „შინ ფეინს“ ახლა ხელმძღვანელობენ პოლიტიკოსები, რომელთაც პარტიის მეამბოხე წარსულთან საერთო არაფერი აქვთ - მიშელ ო'ნილი მას ჩრდილოეთ ირლანდიაში მეთაურობს, პარტიის ლიდერი მერი ლუ მაკდონალდი კი ირლანდიის რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერია. 2019 წელს „შინ ფეინმა“ ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა, იმ შემთხვევაში თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებდა.
ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით, „შინ ფეინმა“ ასამბლეაში 27 მანდატი მოიპოვა, დემოკრატიულმა იუნიონისტურმა პარტიამ (DUP) - 24, ალიანსის პარტიამ (Alliance Party) - 17, ოლსტერის იუნიონისტურმა პარტიამ (UUP)- 9, სოციალ-დემოკრატიულმა ლეიბორისტულმა პარტიამ(SDLP) კი - 7. „შინ ფეინის“ მთავარი მეტოქეები არიან ლოიალისტები დემოკრატიული იუნიონისტური პარტიიდან, რომლებიც პროტესტანტული მოსახლეობის ინტერესებს წარმოადგენენ.
ლოიალისტები იქამდეც ხშირად საუბრობდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ნაციონალისტები მოაწყობდნენ რეფერენდუმს გაერთიანებული სამეფოსგან გამოყოფისა და ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანების შესახებ. თუმცა თავისი წინასაარჩევნო კამპანია „შინ ფეინმა“ ეკონომიკურ დღის წესრიგზე ააგო და ამომრჩეველთა ყურადღება ეთნორელიგიურ დავებზე აღარ გაამახვილა. პარტიის კამპანიის ძირითად თემებს შორის იყო უკრაინის ომის ფონზე ფასების ზრდა და რეგიონში ბრიტანული პროდუქციის მიწოდების შეფერხება, რომლის მიზეზიც Brexit-ის შედეგად ირლანდიის ზღვაზე საბაჟო საზღვრის დაწესება გახდა.
რას ნიშნავს „შინ ფეინის“ უმრავლესობაში ყოფნა?
მართალია, მიშელ ო'ნილმა განაცხადა, რომ მისი პარტიის საბოლოო მიზანია, ჩრდილოეთ ირლანდიამ დატოვოს დიდი ბრიტანეთის შემადგენლობა და ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანდეს, მაგრამ „შინ ფეინის“ გამარჯვება რეფერენდუმის გარდაუვალობას არ ნიშნავს. საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის შესახებ 1998 წლის კანონი, რომელიც დიდი პარასკევის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ იქნა მიღებული, აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაშია და ასე იქნება მანამ, სანამ მისი მოსახლეობის უმრავლესობა ამის საპირისპირო პოზიციას არ დააფიქსირებს.
აქ ასევე ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მინისტრს ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხებში შეუძლია რეფერენდუმი დანიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ირლანდიის გაერთიანება სურს. თუმცა ბოლო მონაცემების მიხედვით, ეს ჯერ კიდევ ასე არ არის. აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ერთიანი ირლანდიის იდეას ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის მხოლოდ მესამედმა მხარი დაუჭირა.
ამავდროულად, „შინ ფეინს“ აქვს შანსი დანიშნოს პრემიერმინისტრი, რომელიც შეიძლება ჩრდილოეთ ირლანდიაში პირველი ნაციონალისტი ლიდერი გახდეს. თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიაში ძალაუფლების განაწილების ექსკლუზიური შეთანხმების თანახმად, კათოლიკეები და პროტესტანტები რეგიონს ერთად უნდა მართავდნენ. სწორედ ამიტომ ქვეყანაში პრემიერმინისტრისა და მისი მოადგილის თანამდებობები თანაბარუფლებიანია, თუმცა მათი დაყოფა სიმბოლურად მაინც მნიშვნელოვანია. დემოკრატიულმა იუნიონისტურმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ თუ „შინ ფეინის“ ლიდერი მიშელ ო'ნილი პრემიერმინისტრი გახდება, ის კანდიდატებს ვერ წამოაყენებს ვიცე-პრემიერის პოსტზე მანამ, სანამ ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის საკითხი არ გადაწყდება.
რას ითვალისწინებს ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი?
ეს დოკუმენტი Brexit-ის შემდეგ გაფორმდა. ის შეიქმნა იმისთვის, რომ კუნძულ ირლანდიაზე საზღვრის დაბრუნება თავიდან აეცილებინათ და შეენარჩუნებინათ 1998 წლის დიდი პარასკევის შეთანხმება, რომელმაც სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე სისხლიანი შეტაკებები დაასრულა. ზემოთ ხსენებული პროტოკოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან (გაერთიანებული სამეფოს ნაწილი) ირლანდიის რესპუბლიკაში (ევროკავშირის ნაწილი) შემოსული საქონლის საბაჟო კონტროლის დაწესების აუცილებლობას გამორიცხავს.
თუმცა ამავდროულად, პროტოკოლი ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტს ავალდებულებს, ერთიანი ევროპული ბაზრის ნორმები დაიცვას და შესაბამისად, ინგლისიდან, შოტლანდიიდან და უელსიდან შემოსული საქონელი შეამოწმოს. „შინ ფეინი“ ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლს მხარს უჭერს, დემოკრატიული იუნიონისტური პარტია კი ამ დოკუმენტს ეწინააღმდეგება.
სწორედ ამიტომ, ამ არჩევნების შედეგს დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო საზღვრის საკითხის გადაწყვეტის მიმართულებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ასამბლეის არჩეულმა წევრებმა 2024 წლის ბოლომდე კენჭი უნდა უყარონ პროტოკოლის იმ ნაწილების შესრულების გაგრძელებას, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს შიდა სავაჭრო საზღვარს ქმნიან. კენჭისყრის შედეგები კი დადგინდება იმ ასამბლეის წევრთა უბრალო უმრავლესობით, რომელშიც ყველაზე მეტი მანდატი სწორედ „შინ ფეინმა“ მოიპოვა.





