ჩარლზ მესამე ოფიციალურად გახდა მეფე. ეცდება თუ არა ახალი მონარქი დედის ჩრდილისგან თავის დაღწევას და შეძლებს თუ არა ის, ბრიტანეთის პოლიტიკაზე გავლენა იქონიოს?

ფოტო: Facebook
6 მაისის კორონაციის შემდეგ, ჩარლზ მესამე და მისი მეუღლე კამილა მეფე-დედოფალი ოფიციალურად გახდნენ. 74 წლის ჩარლზი ბრიტანეთის ისტორიაში მე-40 მონარქი გახდა. წინა ცერემონია თითქმის 70 წლის წინ შედგა - 1953 წლის 2 ივნისს, როდესაც ტახტზე ჩარლზის დედა, დედოფალი ელისაბედ მეორე ავიდა. ბრიტანელებს ბევრი მიზეზი აქვთ, რომ ახალი მეფე არ მოსწონდეთ. თუმცა გარკვეული თვალსაზრისით, მომავალი მონარქი მართალი აღმოჩნდა ისეთ საკითხებში, რაზეც წარსულში მას დასცინოდნენ. ონლაინ გამოცემა “meduza” მოგვითხრობს, თუ როგორ გახდა ჩარლზი ცნობილი ეკოაქტივისტი ჯერ კიდევ პრინცობის პერიოდში და უნდა ველოდოთ თუ არა მისგან გაბედულ რეფორმებს. კერძოდ, ექსპერტები ბოლო დროს ხშირად საუბრობენ „შემცირებულ მონარქიაზე“.
ზოგიერთი ექსპერტი „შეზღუდული მონარქიის“ შემოღებას პროგნოზირებს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩარლზ მესამისგან მკვეთრი ცვლილებები იყოს მოსალოდნელი
BBC-ის სამეფო კორესპონდენტი შონ კოხლანი რამდენიმე ცნობილ ექსპერტს ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ქვეყანას ჩაიბარებს ჩარლზ III და რას უნდა ველოდოთ მისი მეფობისგან. კონსტიტუციური სამართლის წამყვანმა ექსპერტმა, პროფესორმა ვერნონ ბოგდანორმა განაცხადა, რომ ახალი მონარქი უმეტესწილად შეცვლილ ქვეყანას ჩაიბარებს - მულტიკულტურულსა და მრავალრელიგიურს. ექსპერტს მიაჩნია, რომ ჩარლზ მესამეს „მოუწევს გამაერთიანებლის როლი შეასრულოს, ამასთანავე, ეთნიკურ უმცირესობებსა და ნაკლებად პრივილეგირებულ ჯგუფებთან კონტაქტის დასამყარებლად მეტი ძალისხმევა გასწიოს“.
სამეფო საკითხების კომენტატორი ვიქტორია მერფი თვლის, რომ დიდი ალბათობით, ჩარლზ III ტრადიციასა და სტაბილურობაზე იქნება ორიენტირებული. შესაბამისად, მისგან რაიმე მკვეთრ ცვლილებას არ უნდა ელოდოთ. ამავდროულად, ზოგიერთი კომენტატორი იყენებს გამოთქმას „შემცირებული მონარქია“ („slimmed-down monarchy“). ეს არის წინა რეჟიმისგან განსხვავებული მმართველობის სტილი, რომელსაც თითქოს ახალი მეფე დაამყარებს. „შემცირებული მონარქია“ გულისხმობს, რომ სამეფო ოჯახის მოვალეობები მისი წევრების მცირე ჯგუფს ეკისრება. მაგალითად, ქვეყნის მონარქიას საჯაროდ წარმოადგენენ მხოლოდ თავად მეფე და დედოფალი-კონსორტი, ისევე როგორც - მემკვიდრე პრინცი და მისი ცოლი. ელისაბედ მეორის დროს, წარმომადგენლობით მოვალეობებს „პირველი წრის“ ყველა ზრდასრული უინძორი ასრულებდა. შესაბამისად, არა მხოლოდ დედოფალი და პრინცი ფილიპი, არამედ შვილები, დედოფლის შვილიშვილები და მათი მეუღლეები მფარველობდნენ საქველმოქმედო ფონდებს, წარმოადგენდნენ მონარქიას საზღვარგარეთ და ჭრიდნენ საზეიმო ლენტებს. ახლა უკვე ოჯახის „მუშა“ წევრების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.
თავად მეფეს ამ პოლიტიკის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია. თუმცა მისმა დამ, პრინცესა ანამ ცოტა ხნის წინ ისაუბრა აღნიშნულ მოსაზრებაზე და განაცხადა, რომ „შემცირებულ მონარქიაზე“ საუბარი იყო მაშინაც კი, როდესაც ოჯახში მეტი წევრი იყო. „ჩემი აზრით, ეს კარგი იდეა არ არის“, - აღნიშნა პრინცესა ანამ, რომელიც უინძორთა ოჯახის ყველაზე აქტიურ წევრად ითვლეbა. „მე არ ვიცი, მეტი რა შეგვიძლია გავაკეთოთ“, - დასძინა მან.
პრინცი ჩარლზი ორგანული მეურნეობისა და არქიტექტურაში „ტრადიციული ღირებულებების“ შენარჩუნებისთვის იბრძოდა. შეძლებს თუ არა ის, აქტივისტი მეფე გახდეს?
ჩარლზ მესამე, ჯერ კიდევ პრინცობის პერიოდში ცნობილი იყო როგორც ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების მხარდამჭერი, ასევე - ბუნების დამცველი და კლიმატის ცვლილებებთან მებრძოლი, რომელმაც ორგანულ მეურნეობას პოპულარიზაცია გაუწია. წარსულში ემხრობოდა ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების შეზღუდვას, რომლებიც, მისი თქმით, ნიადაგის განადგურებას იწვევს და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მომავალ მონარქს მტკიცედ სჯეროდა, რომ ფერმერები საკვების წარმოების „უფრო უსაფრთხო“ მეთოდებზე უნდა გადასულიყვნენ.
ისტორიკოსი და მწერალი სერ ენტონი სელდონი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ საკითხში მომავალი მეფე მართალი აღმოჩნდა, თუმცა წარსულში მას დასცინოდნენ. მან კლიმატის ცვლილების შესახებ განგაში დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ 1960-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, სანამ ამ თემაზე პოლიტიკოსები და აქტივისტები აქტიურად ალაპარაკდებოდნენ. თუმცა ექსპერტებს ნაკლებად აქვთ იმედი, რომ მეფე ეკოაქტივისტად დარჩება. ჩარლზმა წინასწარ უკვე განაცხადა, რომ ახლა ამისათვის საკმარისი დრო არ ექნება. ”მე ვეღარ შევძლებ ამდენი დროისა და ენერგიის დათმობას საქველმოქმედო თემებისა და იმ საკითხებისადმი, რომლებიც ძალიან მაწუხებს”, - თქვა მან. ”თუმცა ვიცი, რომ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო გაგრძელდება და ის საიმედო ადამიანების კარგ ხელშია“, - დასძინა დიდი ბრიტანეთის მონარქმა.
როგორც ჩანს, იგივე ეხება სხვა საკითხებსაც, რომლებზეც ჩარლზი ტახტის მემკვიდრის ამპლუაში საუბრობდა. მაგალითად, ერთ დროს ის ცნობილი იყო, როგორც მოდერნიზმის ცნობილი ოპონენტი ურბანულ გარემოში. მომავალი მონარქი ცდილობდა, „ტრადიციული ღირებულებების“ პოპულარიზაციას არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებაში. მას პროფესიული წრეების წარმომადგენლები კომპეტენციას უწუნებდნენ და დასცინოდნენ. მისი ახალი როლი მას არა მხოლოდ ნაკლებ დროს, არამედ ნაკლებ შესაძლებლობას დაუტოვებს, რომ ღიად ისაუბროს მსგავს საკითხებზე. დიდი ბრიტანეთის საზოგადოება ხომ შეჩვეულია, რომ მონარქი სახელმწიფოს ყოველდღიურ საქმიანობაში არ ერევა. ჩარლზი კი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, აპირებს, საზოგადოების მოლოდინები გაამართლოს.
„თუ სუვერენული ხდები, შენ ასრულებ იმ როლს, რომელსაც შენგან მოელიან“, - განუცხადა მან BBC-ს 70 წლის უბილეზე. ”ცხადია, მე ვერ შევძლებ იმას, რასაც ადრე ვაკეთებდი, როგორც მემკვიდრე. მესმის, რომ სახელმწიფოს მეთაურობა განსაკუთრებული დავალებაა“,- დასძინა მონარქმა.





