ბოსტონის ჩაის სმის 250 წლისთავი. რა იყო ეს - ბრძოლა დესპოტიზმის წინააღმდეგ თუ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად?

ფოტო: Getty Images
250 წლის წინ, 1773 წლის 16 დეკემბერს, ამერიკაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ბოსტონის ჩაის სმის სახელით არის ცნობილი. სწორედ ეს მოვლენა ითვლება ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დასაწყისად. თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეროვნული პათოსით გამსჭვალულ ისტორიებში ჰეროიკული მითები და პროზაული ფაქტები ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა. თუ რა მოხდა სინამდვილეში, BBC-მ გაარკვია.
რა მოხდა?
ბოსტონი იყო ჩრდილოეთ ამერიკის 13 ბრიტანული კოლონიიდან ერთ-ერთი ქალაქი, სადაც შედარებით კანონმორჩილი ბრიტანელი კოლონისტები ცხოვრობდნენ. მეფე ჯორჯ მესამემ, უფრო სწორედ კი - მისმა პარლამენტმა, დააწესა კიდევ ერთი გადასახადი, ამჯერად ნებისმიერი ინგლისურენოვანი ადამიანისთვის ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტზე, როგორიც არის ჩაი. კოლონისტები აღშფოთდნენ, რადგან მათ სამართლიანად სჯეროდათ, რომ გადასახადების გადახდას აზრი მხოლოდ მაშინ ჰქონდა, თუ ის დამტკიცდებოდა დემოკრატიულად არჩეული მათი წარმომადგენლის მიერ, რომელიც ლონდონის პარლამენტის წევრი იყო.
კოლონისტები არ იყვნენ წარმოდგენილი თემთა პალატაში, მითუმეტეს, არც ლორდთა პალატაში. ჩრდილოეთ ამერიკელმა პატრიოტებმა წამოაყენეს მარტივი და გასაგები სლოგანი: „ No taxation without representation“ (მეტ-ნაკლებად პირდაპირი თარგმანი: არანაირი გადასახადი პარლამენტში კანონიერი წარმომადგენლების გარეშე). ისინი საბნებში გაეხვივნენ, სახეზე ჭვარტლი წაისვეს, რათა ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას დამსგავსებოდნენ (ინდოელები ითვლებოდნენ თავისუფლების სიმბოლოდ, რამაც ხელი არ შეუშალა ევროპელებს, ისინი გაენადგურებინათ და შეევიწროებინათ), შეიარაღდნენ ცულებით, შეცვივდნენ ბრიტანული გემების გემბანზე, დაჭრეს ჩაის ყუთები და მთელი შიგთავსი ზღვაში გადაყარეს.
ხალხი მიხვდა, რომ დადგა დრო, ეჩვენებინათ ბრიტანელებისთვის, რას ფიქრობდნენ მათზე. მათ დაიწყეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დაამარცხეს კოლონიალისტები, მიიღეს "დამოუკიდებლობის დეკლარაცია" და კონსტიტუცია, რის შემდეგაც ახალი ქვეყანა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შუქურა გახდა დანარჩენი მსოფლიოსთვის მთელი მომდევნო პერიოდის განმავლობაში. ბოსტონის ჩაის სმა ასწლიანი ომისა და ბრიტანელებისა და ფრანგების ტრადიციული დაპირისპირებიდან იღებს სათავეს. მე-17 და მე-18 საუკუნეების ჩრდილოეთ ამერიკაში არა მხოლოდ ინგლისელი, არამედ ფრანგი კოლონისტებიც გამოჩნდნენ.
თუმცა ჩრდილოეთ ამერიკაში ფრანგები ბრიტანელებს ხელს ძალიან უშლიდნენ. ბრიტანეთის კოლონიები ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობდა, ხოლო საფრანგეთის კოლონიები კანადის კვებეკსა და უფრო სამხრეთით, თანამედროვე ლუიზიანასა და მდინარე მისისიპის ხეობას მოიცავდა. სტრატეგიასა და პოლიტიკურ გეოგრაფიაში სავსებით გამოუცდელი ადამიანისთვისაც კი ცხადი იყო, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო და ფრანგულ დასახლებებს შეეძლოთ, ბრიტანეთის კოლონიური მცდელობები უბრალოდ ჩაეხშოთ. ბრიტანელი ისტორიკოსის, საიმონ შამის თანახმად, ფრანგებმა ბრიტანელებს „იმპერია, ფაქტობრივად, თვალწინ მოპარეს“.
შვიდწლიანი ომი, რომელმაც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი დააპირისპირა (უინსტონ ჩერჩილმა მას "პირველი მსოფლიო ომი" უწოდა), მიმდინარეობდა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ - ყველა კოლონიალურ ფრონტზე, მათ შორის - ჩრდილოეთ ამერიკაში. იმ დროს ბრიტანეთის პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო უილიამ პიტი - უფროსი, რომელიც ჯერ რეალურად, შემდეგ კი - ოფიციალურად ხელმძღვანელობდა მთავრობას. მას მშვენივრად ესმოდა, რომ სამხედრო ოპერაციების წარმატებით წარმართვისთვის მთავარია არა იმდენად მამაცი ჯარისკაცი და გამოცდილი მეთაური, არამედ - ფული.
შესაბამისად, პიტმა ფინანსები არ დაზოგა. სამხედრო ხარჯები, დაახლოებით, წელიწადში 18 მილიონ ფუნტს შეადგენდა. ეს კი მთავრობის წლიურ ბიუჯეტზე ორჯერ მეტი იყო. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოლონისტებს თავადაც უნდა გამოეყოთ ნაღდი ფული: ბოლოს და ბოლოს, მათ ინტერესებში იყო, რომ ისინი მეტროპოლიის არმიას დაეცვა. დაწესდა ახალი გადასახადები, მათ შორის - გადასახადი ნებისმიერ ნაბეჭდ პროდუქტზე. კოლონისტები აღშფოთდნენ და ამ გადასახადების გადახდაზე უარი თქვეს. ამიტომაც გადასახადების უმეტესი ნაწილი მალევე გაუქმდა, მაგრამ 1773 წელს, ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო ე.წ. „ჩაის კანონი“ და ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო.
"თავისუფლების პატრიარქი"
ისტორია კარგიცაა და ცუდიც იმით, რომ ნებისმიერი, თუნდაც დოკუმენტირებული ფაქტი, შეიძლება სხვადასხვაგვარად იქნეს ინტერპრეტირებული. პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო სამუელ ადამსი, ძალიან მდიდარი და გავლენიანი ადამიანი, რომლის ოჯახი სწორედ კონტრაბანდული ჩაით გამდიდრდა. რას წარმოადგენდა ის? კითხვა საინტერესოა და მასზე ცალსახა პასუხის გაცემა რთულია. შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტმა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის პირველი ვერსიის ავტორმა თომას ჯეფერსონმა მას "თავისუფლების პატრიარქი" უწოდა. ჟურნალისტი და მისი ბიოგრაფიული წიგნის („რევოლუციონერი: სამუელ ადამსი“) ავტორი სტეისი შიფი, თვლის, რომ იმ დროისთვის, როდესაც ბოსტონის ჩაის სმის ჩაიდანი თუხთუხებდა, ბოსტონში ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი წამქეზებელი სწორედ ადამსი გახდა. ”მას აბსოლუტურად არანაირი პროფესია არ ჰქონდა, თუმცა ეს მას დიდად არც სჭირდებოდა, რადგან ძალიან მდიდარი ოჯახიდან იყო. „1773 წლისთვის ის უკვე იყო ბრიტანეთის სამეფო ტახტის წინააღმდეგ მიმართული ასობით მგზნებარე სტატიის ავტორი. „ჩაის კანონის“ წინააღმდეგ მისი ძირითადი არგუმენტი იყო ის, თითქოს ეს აიძულებდა ამერიკელებს, ჩაის თითოეული ყლუპი ბრიტანეთის პარლამენტისთვის შეეთანხმებინათ“,- ამბობს შიფი.
ექსპერტების თქმით, ადამსი, რა თქმა უნდა, ბოსტონური უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი შთამაგონებელი იყო, მაგრამ ამავე დროს, ის გახლდათ ბედზე განაწყენებული ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ მოსწონდა ბრიტანეთი. პირველ რიგში, მან თავი დამცირებულად იგრძნო მას შემდეგ, რაც მამამისმა ფინანსური სპეკულაციების დროს დიდი თანხა დაკარგა, რამაც მისი სოციალური სტატუსის მტკივნეული დაცემა გამოიწვია. ეს განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ადამსისთვის, როგორც ჰარვარდის სტუდენტისთვის. მასზე ასევე ითქვა, რომ მზად იყო „ჩაედინა ნებისმიერი დანაშაული ბრიტანეთის მთავრობის ძალაუფლების დასამხობად“. მოგვიანებით, გადასახადების ეს მოსისხლე მტერი მასაჩუსეტსის გუბერნატორის პოსტს იკავებდა 1793-დან 1797 წლამდე, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ახალ ამპლუაში ის კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ გადასახადები უნდა გადაიხადონ და ვინც გაბედავს რესპუბლიკის კანონების წინააღმდეგ აჯანყებას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. სხვათა შორის, მასაჩუსეტსის მოქალაქეებისთვის გადასახადები დამოუკიდებლობის შემდეგ გაიზარდა.
რა იყო რეალურად ამ ვნებათაღელვის მიზეზი?
აქ აუცილებლად ჩნდება კითხვა: რატომ ეწინააღმდეგებოდნენ პარლამენტისა და გადასახადების დაწესების მოწინააღმდეგენი ჩაის გადმოტვირთვას ასე კატეგორიულად? განა უფრო ადვილი არ იქნებოდა ამ კატეგორიის ჩაისთვის ბოიკოტის გამოცხადება? ნიუ-იორკის ბრუკლინის კოლეჯის ისტორიის პროფესორი და ამ თემისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ნაშრომის ავტორი ბენჯამინ კარპი განმარტავს, რომ - არა.
პრობლემა ის იყო, რომ აჯანყების მთავარი წამქეზებლები (რომლებიც ასევე იყვნენ ბრიტანული დესპოტიზმის წინააღმდეგ მებრძოლები) სულაც არ იყვნენ დარწმუნებული, რომ თუ ჩაი გადმოიტვირთებოდა და საყოველთაო გაყიდვა დაიწყებოდა, მოსახლეობა ამ ცდუნებას გაუძლებდა. უფრო მეტიც, კანონის თანახმად, გემი ნავსადგურში შესვლიდან 30 დღეში უნდა ჩამოტვირთულიყო. თუ რაიმე მიზეზით ეს არ მოხდებოდა, მაშინ მთლიანი ტვირთი საბაჟოს გადაეცემოდა და ამ უკანასკნელთ შეეძლოთ, საქონელი საბითუმო მოვაჭრეებისთვის დაეთმოთ.
გუბერნატორის წერილობითი ნებართვის გარეშე ჩაის პორტიდან გატანა შეუძლებელი იყო. გუბერნატორი ჰაჩინსონი არ აპირებდა ასეთი ნებართვის გაცემას ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის იყო იუნიონისტი და არაფერი ჰქონდა ლონდონის ხელისუფლების საწინააღმდეგო. მეორე მხრივ, იმ ექვს საბითუმო ვაჭარს შორის, რომლებისთვისაც ტვირთი იყო განკუთვნილი, ორი იყო მისი ვაჟი, ორი - ნათესავი და ორიც - მეგობარი. შეიქმნა ჩიხი, რომლის მოგვარებაც მხოლოდ ძვირფასი ფოთლების ზღვაში გადაყრით შეიძლებოდა. ოცდაათდღიანი ვადა 16 დეკემბერს, შუაღამისას ამოიწურა. მოეწონათ თევზებს ჩაი? ეს კითხვა ღია რჩება.
აშშ-ის მომავალი მე-2 პრეზიდენტი ჯონ ადამსი გახარებული იყო, როდესაც შეიტყო, რომ ბოსტონის ნავსადგურის მთელი ზედაპირი ჩაის ფოთლებით იყო დაფარული. მომავალი პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი კი 1774 წელს წერდა, რომ „მიზეზი, რომლისთვისაც ბოსტონი იბრძოდა... ყოველთვის იქნება მიზეზი, რისთვისაც იბძროლებს მთელი ამერიკა“. თუმცა ის პირად საუბრებში ამტკიცებდა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებოდა „ჩაის განადგურებისკენ მიმართულ ქმედებებს“ და დასძენდა, რომ ბოსტონელები „გაგიჟდნენ“. ის, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის ელიტის წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობა, კერძო საკუთრებას ხელშეუხებლად თვლიდა.
ბენჯამინ ფრანკლინი, შეერთებული შტატების ერთადერთი დამფუძნებელი, რომელმაც ხელი მოაწერა ყველაზე მნიშვნელოვან სამ ისტორიულ დოკუმენტს (დამოუკიდებლობის დეკლარაცია, კონსტიტუცია და 1783 წლის ვერსალის ხელშეკრულება, რომელმაც ოფიციალურად დაასრულა დამოუკიდებლობისთვის ომი), დაჟინებით მოითხოვდა ყველა კომპანიისთვის ჩაის ზარალის ანაზღაურებას და მზად იყო, ეს თავად გადაეხადა. პროტესტის დროს არავინ დაშავებულა, განადგურდა მხოლოდ ჩაი და გემების შესასვლელი კარების საკეტები დაზიანდა. ამბობენ, რომ ბოსტონის ფლეშმობის მონაწილეებმა სახლში წასვლის წინ გემბანებიც კი მოწმინდეს. თუმცა ეს ძნელი დასაჯერებელია, რადგან დეკემბრის საღამო იყო, ადრე დაბნელდებოდა და გემბანის ჩირაღდნის შუქზე გაწმენდა საკმაოდ რთული ამოცანა იქნებოდა.
ითვლება, რომ სამოქალაქო პროტესტის ფესვები, როგორიცაა კაპიტოლიუმის შტურმი 2021 წლის იანვარში, სწორედ ბოსტონის ჩაის სმიდან იღებს სათავეს. ეს ითვლება ერთ-ერთ ფუნდამენტურ მოვლენად, რომელიც ამერიკული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას დაედო საფუძვლად. თუმცა ნებისმიერი ისტორიული მოვლენა შეიძლება გადაიქცეს გმირულ, ამაღლებულ ტყუილად, მაგრამ იმისათვის, რომ მისგან საჭირო გაკვეთილები გამოვიტანოთ, მაინც სჯობს არ დავმალოთ მისი, თუნდაც დამაკნინებელი სიმართლე.





