ბოლო 4 წლის განმავლობაში, აფრიკაში რიგით მერვე გადატრიალება მოხდა. რატომ?

ფოტო: REUTERS
გაბონში (სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში) ხელისუფლების სათავეში სამხედროები მოვიდნენ. მათ გააუქმეს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და სამხედროების მხარდასაჭერად გამოსულ მოქალაქეებს ურჩიეს, სახლებში დაბრუნდნენ.
რა ხდება?
თუ ეს სამხედრო გადატრიალება წარმატებულად ჩაითვალა, 2020 წლის შემდეგ, ის რიგით მერვე იქნება. სულ რაღაც ერთი თვის წინ, სამხედრო გადატრიალება მოხდა ნიგერშიც. 2022 წელს, მსგავს ფაქტს ორჯერ ჰქონდა ადგილი ბურკინა ფასოში. წარუმატებელი გადატრიალების მცდელობები იყო გვინეა-ბისაუში, გამბიასა და კუნძულოვან სახელმწიფო სან-ტომე და პრინსიპიში. 2021 წელს აფრიკაში დაფიქსირდა გადატრიალების ექვსი მცდელობა, რომელთაგან ოთხი წარმატებული იყო. გასულ წელს, აფრიკული კავშირის მაღალჩინოსანმა მუსა ფაქი მაჰამატმა "ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლილების აღორძინებასთან დაკავშირებით" შეშფოთება გამოთქვა.
არის თუ არა გადატრიალება?
როგორც ნაირობიში BBC-ის კორესპონდენტი პიტერ მვაი აღნიშნავს, დამოუკიდებლობის მომდევნო ათწლეულში, აფრიკის გარკვეულ ნაწილში სამხედრო გადატრიალებები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ამის შემდეგ შედარებითი სტაბილურობის პერიოდი დადგა, მაგრამ ახლა სიტუაცია ისევ შეიცვალა. გადატრიალება შეიძლება განისაზღვროს, როგორც სამხედრო ან სამოქალაქო თანამდებობის პირების უკანონო და აშკარა მცდელობა, გადააყენონ მოქმედი ხელისუფლება.
ორი ამერიკელი მეცნიერის, ჯონათან პაუელისა და კლეიტონ ტაინის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, 1950-იანი წლების შემდგომ აფრიკაში 200-ზე მეტი გადატრიალების მცდელობა დაფიქსირდა. მათგან დაახლოებით ნახევარი წარმატებული იყო. ზოგჯერ ამ პროცესის მონაწილეები უარყოფენ, რომ ეს გადატრიალებაა. 2017 წელს, ზიმბაბვეში, რობერტ მუგაბეს 37-წლიანი მმართველობა სამხედრო გადატრიალებით დასრულდა. თუმცა, ერთ-ერთმა ლიდერმა, გენერალ-მაიორმა სიბუსისო მოიომ ტელევიზიით გამოსვლისას კატეგორიულად უარყო, რომ ეს სამხედრო გადატრიალება იყო.
2021 წლის აპრილში, ჩადის ლიდერის, იდრის დების გარდაცვალების შემდეგ, არმიამ მისი შვილი დროებით პრეზიდენტად დანიშნა. შესაბამისად, სწორედ ის ხელმძღვანელობდა გარდამავალ სამხედრო საბჭოს. ოპონენტებმა ამ ფაქტს "დინასტიური გადატრიალება" უწოდეს. „გადატრიალების ლიდერები თითქმის ყოველთვის უარყოფენ, რომ მათი ქმედებები გადატრიალებას ნიშნავდა. ისინი ცდილობენ, ლეგიტიმურად გამოიყურებოდნენ“, - აღნიშნავს პაუელი.
"გადატრიალების ქამარი"
1960-დან 2000 წლამდე აფრიკაში გადატრიალების მცდელობების საერთო რაოდენობა წელიწადში დაახლოებით ოთხს შეადგენდა. პაუელი თვლის, რომ ეს გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ არასტაბილურ სიტუაციას, რომელიც დამოუკიდებლობის შემდგომ წლებში არაერთ ქვეყანაში შეიქმნა. „აფრიკის ქვეყნებში გადატრიალებისთვის დამახასიათებელი პირობები არსებობდა. ეს არის სიღარიბე და ცუდი ეკონომიკური მაჩვენებლები. როდესაც ქვეყანაში ერთი გადატრიალება ხდება, ეს ხშირად იმას ნიშნავს, რომ არც მორიგი გადატრიალებაა შორს. 21-ე საუკუნის დასაწყისში გადატრიალების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ბოლო წლებში ისევ იმატა. 2020 წელს მხოლოდ ერთი გადატრიალება მოხდა მალიში, 2021 წელს - ხუთი (ჩადიში, მალიში, გვინეაში, სუდანსა და ნიგერში). 2022 წელსაც იყო ხუთი მცდელობა, რომელთაგან ორი და ორივე ბურკინა ფასოში, წარმატებული გამოდგა.
კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ნდუბუისი კრისტიან ანი თვლის, რომ დიქტატორების მრავალწლიანმა მმართველობამ აფრიკაში გადატრიალების შემთხვევების ზრდა გამოიწვია. „მიუხედავად იმისა, რომ სახალხო აჯანყებები ლეგიტიმურია და ხალხის მიერ არის ორგანიზებული, მათი წარმატება ხშირად სამხედროების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განისაზღვრება“, - ამბობს ის. მალის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კამისა კამარა კი თვლის, რომ არსებობს რამდენიმე დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც სრულად ხსნის იმას, თუ რატომ იყო საჰელში (საჰარის უდაბნოსა და ტროპიკულ სავანებს შორის მდებარე რეგიონი) ბოლო წლებში ამდენი აჯანყება. სწორედ ამიტომ რეგიონს "გადატრიალების სარტყელი" შეერქვა.
„აბსოლუტურად სამართლიანია ემპირიული მსჯელობა, რომ ეს რეგიონი ახლა აჯანყების მსოფლიო დედაქალაქია“, - ამბობს პაუელი. „ესენი ძალიან განსხვავებული ქვეყნებია. მათი სამხედრო ძალები ერთმანეთთან დიდად არ ურთიერთობენ. დიახ, გეოპოლიტიკის, უსაფრთხოებისა და კულტურის ზოგიერთი საკითხი მსგავსია, მაგრამ უნივერსალური დასაბუთება არ არსებობს“, - ამბობს კამარა, რომელიც ამჟამად ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის აფრიკის მიმართულების უფროსი მრჩეველია. ის, ისევე, როგორც დასავლეთ აფრიკის უსაფრთხოების ბრიტანელი ექსპერტი, ყოფილი ნიგერიელი სამხედრო ოფიცერი და ახლა პორტსმუთის უნივერსიტეტის მკვლევარი ფატაი ალი, თვლის, რომ რეგიონში საფრანგეთის მუდმივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული არსებობა უდავოდ ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, რომელიც სამხედრო გადატრიალების სიხშირეს ხსნის.
საერთო ჯამში, აფრიკამ განიცადა უფრო მეტი აჯანყება თუ გადატრიალება, ვიდრე - რომელიმე სხვა კონტინენტმა. მთელ მსოფლიოში 2017 წლიდან დაფიქსირებული 18 გადატრიალებიდან მხოლოდ ერთი მოხდა 2021 წელს მიანმარში, ყველა დანარჩენი ლო- აფრიკაში. ძალაუფლების ხელში ჩაგდების ყველაზე მეტი მცდელობა იყო სუდანში -16 და აქედან 6 წარმატებული გამოდგა. 2019 წელს, რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, გადააყენეს ხელისუფლებაში წლების განმავლობაში მყოფი ომარ ალ-ბაშირი. ეს უკანასკნელი ხელისუფლებაში 1989 წელს, თავადაც სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა.
ყველაზე მეტი წარმატებული გადატრიალება დასავლეთ აფრიკაში, ბურკინა ფასოში მოხდა: 9 - შედეგიანი და მხოლოდ 1 - უშედეგო. ნიგერიაში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1966 წლის იანვრიდან 1993 წელს, გენერალი სანი აბაჩის ხელისუფლებაში მოსვლამდე, რვა სამხედრო გადატრიალება მოხდა. თუმცა 1999 წელს, აფრიკის ყველაზე მჭიდრო დასახლებულ ქვეყანაში, ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალა.
ბურუნდის ისტორია გამოირჩევა 11 გადატრიალებით, რომლებიც ძირითადად ჰუტუსა და ტუტსის ტომებს შორის დაძაბულობით არის გამოწვეული. სიერა ლეონეში 1967-1968 წლებში 3 გადატრიალება მოხდა, 1971 წელს კი - 1. 1992-1997 წლებში ქვეყანაში გადატრიალების კიდევ ხუთი მცდელობა იყო. სამხედრო გადატრიალებები არც განასთვის არის უცხო - ბოლო ორ ათწლეულში - 8. მათგან პირველი მოხდა 1966 წელს, როდესაც კვამე ნკრუმა ჩამოაგდეს, ხოლო შემდეგ წელს მოხდა არმიის უმცროსი ოფიცრების მიერ ორგანიზებული გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა.
2021 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალებები კვლავ თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. „გეოპოლიტიკური განხეთქილება ძირს უთხრის საერთაშორისო თანამშრომლობას და ... დაუსჯელობის სინდრომს ამძაფრებს“, - ასკვნის ის.





