BBC: რას ნიშნავს ტრამპის მკვლელობის მცდელობა ამერიკისა და მისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?

ფოტო: Reuters
ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპი მხოლოდ „ნაკაწრით“ გადარჩა, როგორც ეს ქალაქ ბატლერის (სადაც მკვლელობის მცდელობა მოხდა) საოლქო პროკურორმა დაადგინა, მხოლოდ და მხოლოდ, შემთხვევითობაა. New York Times-ის წარმომადგენლის, დაგ მილსის მიერ გადაღებულ ფოტოზე ჩანს, როგორ კვეთს ჰაერს ყოფილი პრეზიდენტის თავთან ტყვია.
რა მოხდა?
ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა გავლენას იქონიებს შაბათის მოვლენები ამერიკასა და მის პოლიტიკურ დისკურსზე. რონალდ რეიგანის შემდეგ, რომელსაც 1981 წელს ჯონ ჰინკლი-უმცროსმა ესროლა, მკვლელობის მცდელობის მსგავსი შემთხვევა პრეზიდენტზე ან საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებით არ ყოფილა. ამერიკელი მიმომხილველები იხსენებენ ქვეყნის ისტორიის შედარებით ახალ პერიოდს, როდესაც დახვრიტეს ორი ძმა კენედი - ერთი პრეზიდენტი, მეორე კი - პრეზიდენტობის კანდიდატი. იმავე პერიოდში, 1960-იან წლებში, მკვლელის ტყვიით დაიღუპნენ ცნობილი სამოქალაქო უფლებადამცველები - მედგარ ევერსი, მარტინ ლუთერ კინგი-უმცროსი და მალკოლმ იქსი.
იმ მღელვარე პერიოდის შემდეგ, შეერთებულ შტატებში პოლიტიკოსების მისამართით სროლის შემთხვევებიც იყო. 2011 წელს დემოკრატი კონგრესმენი გაბრიელა გიფორდი პარტიულ შეკრებაზე თავში მძიმედ დაჭრეს. მაშინ ექვსი ადამიანი დაიღუპა. 2017 წელს, რესპუბლიკელი კონგრესმენების ბეისბოლის ვარჯიშზე მოულოდნელად გამართული სროლის შედეგად, იმდროინდელი წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის მდივანი სტივ სკალიზი და კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. როგორც 1960-იან წლებში, დღევანდელი ამერიკა დღესაც თითქმის უკიდურესად პოლარიზებულია. ისევე, როგორც მაშინ, ახლაც შეიარაღებულ ადამიანს შეუძლია, ისტორიის მიმდინარეობა შეცვალოს. მართალია, ბატლერის გასროლამ შეიძლება ისტორიის მიმდინარეობა არ შეცვალოს, მაგრამ ამან, შესაძლოა, 5 ნოემბრის არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს. თუმცა ახლა, როდესაც პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს მხარდაჭერის დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებელი აქვს, ამაზე საუბარი ნაადრევია.
„ესროლეს ტრამპს, მოხვდა ბაიდენს“
„ესროლეს ტრამპს, მოხვდა ბაიდენს“ - ასე გამოეხმაურა მომხდარს რუსი პოლიტოლოგი ბორის პასტუხოვი. ამ განცხადებასთან დაკავშირებით კამათი რთულია. ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (ნოემბრის არჩევნებზე ტრამპის სავარაუდო ოპონენტი) გამოჩნდა კამერების წინ, რათა პრესასთან განცხადება გაეკეთებინა. „ამგვარი ძალადობის ადგილი ამერიკაში არ არის. ეს ამაზრზენია. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“,- თქვა მან.
თავდასხმის ფაქტი დაგმეს სხვა ცნობილმა დემოკრატებმაც, მათ შორის არის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა. თუმცა ამან სიტუაცია ვერ გაანეიტრალა. რესპუბლიკელების ბანაკის გარკვეული წარმომადგენლები ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით უკვე აკისრებენ პასუხისმგებლობას დემოკრატებსა და პირადად, ჯო ბაიდენს, რომელმაც განაცხადა, რომ დროა „ტრამპი სამიზნის ცენტრში მოექცეს“.
„ბაიდენის კამპანიის ძირითადი წინაპირობა არის ის, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის ავტორიტარული ფაშისტი, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს“, - წერს სოციალურ მედიაში ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვენსი, რომელიც ზოგიერთი ცნობით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატია. „ამ რიტორიკამ პირდაპირ გამოიწვია პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობა“,- დასძენს ის. ტრამპის კამპანიის თანახელმძღვანელი კრის ლასივიტა სოციალურ მედია X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს, რომ „წლების განმავლობაში და დღესაც, მემარცხენე აქტივისტები, დემოკრატი დონორები და ამჟამად უკვე - ჯო ბაიდენიც აკეთებენ ამაზრზენ განცხადებებს. დროა, მათ ამისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ... საუკეთესო გზა კი არის საარჩევნო ყუთი“,- ამბობს ის.
„მოწამე“ ტრამპი
საკმარისია გავიხსენოთ, თუ რამდენი ადამიანი წავიდა კაპიტოლიუმის შტურმზე 2021 წლის იანვარში, ტრამპის წარუმატებელი "გამარჯვების" დასაცავად. იმ დროს მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა "წამებულის" სტატუსი, რასაც მისი ზოგიერთი მომხრე ალბათ ახლა მიაწერს. „თანამედროვე სეკულარიზმის ერთ-ერთი უცნაური მახასიათებელია მსხვერპლისა და გადარჩენილის ღრმად რელიგიური კულტი. ამ დროს ჩვენ მივაწერთ სათნოებას და ვანიჭებთ მაღალ ზნეობრივ სტატუსს სავარაუდო მოწამეს", - აღნიშნა ისტორიკოსმა სებაგ მონტეფიორმა სოციალურ ქსელ X-ზე ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით.
საპრეზიდენტო ნომინაციაში ტრამპის ყოფილმა კონკურენტმა ვივეკ რამასვამიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: „თავდაპირველად მას უჩივლეს. შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. შემდეგ ცდილობდნენ, საარჩევნო ბიულეტენიდან ამოეღოთ. ერთადერთი, რაც უფრო ტრაგიკულია, ვიდრე - ახლახან მომხდარი ინციდენტი, არის ის, რომ ეს მოვლენა სრული შოკი არ ყოფილა“. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტია, ტრამპი თავის კამპანიას აწარმოებდა, როგორც აუტსაიდერი მეამბოხე და ჩიოდა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაციის სამიზნე იყო და ცდილობდნენ, მისი ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ხელი შეეშალათ.
ტრამპის გამოსვლების რიტორიკა შესაბამისია. ყოფილმა პრეზიდენტმა, მისი არ არჩევის შემთხვევაში, „სისხლის აბაზანებზე“ ისაუბრა. ტრამპმა არალეგალ მიგრანტებზე განაცხადა, რომ ისინი „ქვეყნის სისხლს წამლავენ“ და ა.შ. ამდენად, მკვლელობის წარუმატებელი მცდელობა ტრამპის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ყოფილი პრეზიდენტის სისხლიანი სახითა და ცისკენ აწეული მუშტით გადაღებული ფოტო, რომელიც უკვე სოციალურ ქსელებში საკულტო გამოსახულებად იქცა, თავისთავად შესანიშნავი საარჩევნო პლაკატია.
ტრამპის მკვლელობის მცდელობა აშკარად მიუთითებს იმაზე, თუ რა შეუძლია გააკეთოს პოლიტიკურმა რიტორიკამ და პოლარიზაციამ ქვეყანაში, სადაც იარაღის ფლობა ლეგალური და ხელმისაწვდომია. ”თუ ქვეყანა აქამდე დენთის კასრი არ იყო, ახლა არის”, - განაცხადა ჩიპ ფელკელმა, რესპუბლიკელმა აქტივისტმა სამხრეთ კაროლინიდან.





