BBC: რა მოხდება, თუ ბაიდენი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშება და ჩაანაცვლებს თუ არა მას კამალა ჰარისი?

ფოტო: EPA
დემოკრატიულ პარტიაში აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენის პერსპექტივაზე მსჯელობა არ ცხრება. თავად 81 წლის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპთან ჩავარდნილი დებატების მიუხედავად, მაინც ამტკიცებს, რომ კამპანიის წარმართვა და გამარჯვება შეუძლია. მართალია, მან ამაში ბევრი ვერ დაარწმუნა, მაგრამ თუ კანდიდატურის მოხსნაზე ბაიდენს დაითანხმებენ, ჩნდება კითხვა, ვინ შეიძლება შეცვალოს ის და როგორ გაუმკლავდება ეს ალტერნატიული კანდიდატი ტრამპს.
კვირას, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელობამ, სხვა საკითხებთან ერთად, ბაიდენის, როგორც კანდიდატის შანსები განიხილა. BBC-ის ამერიკელი პარტნიორის, CBS-ის ცნობით, ტელეკონფერენციის ოთხმა მონაწილემ მარათონიდან ბაიდენის გამოთიშვაზე ისაუბრა. სულ მცირე, დანარჩენმა სამმა ადამიანმა, იმავე წყაროს თქმით, პრეზიდენტის შანსებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. აღნიშნულ თემაზე დემოკრატიული პარტიის რამდენიმე ცნობილმა ფიგურამ სატელევიზიო ინტერვიუებშიც ისაუბრა. თუმცა, თავად ბაიდენი თავის პოზიციას მტკიცედ იცავს. მისი განცხადებით, ზოგიერთი დემოკრატის მოწოდების მიუხედავად, საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას მაინც მიიღებს. დემოკრატი კონგრესმენებისადმი გაგზავნილ წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, დონალდ ტრამპის დამარცხებაში აბსოლუტურად დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო.
პლუსი: ახალი სტარტი
იმ დემოკრატებიდანაც კი, რომლებიც აქამდე ბაიდენს იცავდნენ, ზოგიერთი ამბობს, რომ შეუძლებელია, პრეზიდენტის ასაკისა და გონებრივი სიცხადის შესახებ კითხვები არ დაისვას. ტრამპთან გამართულმა დებატებმა სამართლიანად გააჩინა კითხვები ამერიკელებში იმის შესახებ, აქვს თუ არა პრეზიდენტს ენერგია დონალდ ტრამპის დასამარცხებლად, - განაცხადა NBC-ზე კალიფორნიის დემოკრატმა კონგრესმენმა ადამ შიფმა. თუმცა, ამ უკანასკნელმა პირდაპირ არ მოუწოდა ბაიდენს, რომ საპრეზიდენტო მარათონიდან გავიდეს. ეს პოზიცია, ჯერჯერობით, წარმომადგენელთა პალატის მხოლოდ ხუთმა დეპუტატმა დააფიქსირა საჯაროდ. სამაგიეროდ, შიფმა ურჩია ბაიდენს, რჩევა მიიღოს საკმარისი „დისტანციისა და ობიექტურობის“ მქონე ადამიანებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს, მიიჩნევს თუ არა თავს შესაძლო საუკეთესო კანდიდატად. „ბაიდენის დადებითი მიღწევებისა და დონალდ ტრამპის საშინელი საქმიანობის გათვალისწინებით, ის [ბაიდენი] დონალდ ტრამპს იატაკზე დაანარცხებს... ისინი მხარდამხარ არ უნდა მიდიოდნენ და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბაიდენი წინ გაჭრას ვერ ახერხებს, ეს არის პრეზიდენტის ასაკი“, - განაცხადა შიფმა.
თუმცა, აქ შიფი აქცენტს ცვლის და სთხოვს ამომრჩევლებს, დაფიქრდნენ, რომ 78 წლის ტრამპი ბაიდენზე ბევრად ახალგაზრდა არ არის. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი 81 წლისაა, მაგრამ დემოკრატების მთავარი პრობლემა არა ბაიდენის ასაკი, არამედ მისი ფიზიკური მდგომარეობაა. პოლიტიკური სპექტრის მარცხენა მხარეს მყოფი ამომრჩევლები ბაიდენის შანსების მიმართ რწმენას სულ უფრო კარგავენ. Wall Street Journal-ის გამოკითხვაში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, დემოკრატების 86%-მა განაცხადა, რომ ბაიდენს მისცემს ხმას. თებერვალში ანალოგიური მაჩვენებელი 93%-ი იყო.
დემოკრატების ახალი კანდიდატი თავისუფალი იქნება ბაიდენის პოლიტიკური ბარგისგან, რომელიც ამ უკანასკნელს ქვემოთ სწევს. სანამ პრეზიდენტის მდგომარეობის გამო დემოკრატებს შორის პანიკა დაიწყებოდა, ბევრი მათგანი ბაიდენს ეკონომიკური ვითარებისა და მექსიკელი ემიგრანტების უკონტროლო შემოდინებისთვისაც აკრიტიკებდა. პროგრესულ ამომრჩევლებში ასევე არაპოპულარულია ისრაელისადმი ბაიდენის ადმინისტრაციის მხარდაჭერა. სწორედ ამის შედეგი იყოს ის, რომ თებერვალში, მიჩიგანში ჩატარებული დემოკრატიული პრაიმერის დროს, დაახლოებით 100 ათასმა ამომრჩეველმა ბაიდენს ხმა არ მისცა. მისმა არაპოპულარობამ შეიძლება გავლენა იქონიოს დემოკრატების შანსებზე სხვა თანამდებობების პირების არჩევნებში, რომლებიც საპრეზიდენტო კენჭისყრის პარალელურად იმართება. ”დღეს თუ ხვალ, უკვე ამ კვირაში, ჩვენ დავინახავთ მნიშვნელოვან ზეწოლას კონგრესის წევრების მხრიდან, რომლებიც იტყვიან, რომ მათი გადმოსახედიდან, ეს სიტუაცია ჩვენთვის ხელსაყრელი არ არის”, - განაცხადა ოჰაიოს ყოფილმა კონგრესმენმა ტიმ რაიანმა Fox News-სთან ინტერვიუში.
მინუსი: ძალიან ბევრი უცნობი დეტალია
დემოკრატიულ პარტიაში ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ნებისმიერ ახალ კანდიდატს შეიძლება ახლდეს არა მხოლოდ უპირატესობები, არამედ - სერიოზული რისკებიც. თუ ბაიდენი კანდიდატურის მოხსნას დასთანხმდება, ამის შემდეგ რა მოხდება, უცნობია. ვის შეუძლია მისი ჩანაცვლება, როგორ დამტკიცდება ეს კანდიდატი მთელი პარტიის სახელით და რაც მთავარია, როგორ დაუპირისპირდება ეს კანდიდატი ტრამპს? ბაიდენის რამდენიმე მოკავშირემ ბოლო დღეებში აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა, სხვებისგან განსხვავებით, დაამტკიცა, რომ ტრამპის დამარცხება შეუძლია. „ბაიდენი მოხუცია“, - განაცხადა 82 წლის სენატორმა ბერნი სანდერსმა CBS-თან ინტერვიუში.
„ის ვერ აყალიბებს აზრს ისე მკაფიოდ, როგორც - ოდესღაც. ვისურვებდი, რომ მას საპრეზიდენტო თვითმფრინავის კიბეებზე არბენა შესძლებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. თუმცა, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ პოლიტიკოსზე, რომლის პოლიტიკამაც სარგებელი მოუტანა და ისევ მოუტანს ქვეყნის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას“,- დასძინა მან.
კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შაბათ-კვირა ბაიდენის კამპანიაში გაატარა და ყველგან ერთსა და იმავეს ამბობდა: „ეს არის ჰიპოთეტური საკითხი, რაც ხელს გვიშლის მისი კანდიდატურის წარდგენაში. სწორედ ეს სურს სხვა პარტიას, ერთმანეთში ვიკამათოთ, რაც ჩვენთვის უკიდურესად საზიანოა“. „ჩვენ ამ თემაზე საუბარი უნდა შევწყვიტოთ. ამაზე ერთი კვირა უკვე დავკარგეთ. რესპუბლიკელები დაგვცინიან. სერიოზულად უნდა დავუბრუნდეთ საუბარს დონალდ ტრამპზე და იმაზე, თუ როგორ მუშაობს ის“,- განაცხადა მიჩიგანის დეპუტატმა დები დინგელმა CNN-ის ეთერში.
კამალა ჰარისი: პოტენციური გამოსავალი
ზემოხსენებულმა ტიმ ჰარისმა გასულ კვირას ბაიდენის შემცვლელზე, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისზე ისაუბრა. „მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალია კამალა ჰარისი“, - დაწერა მან Newsweek-ის სვეტში. „ვინც ამბობს, რომ ჰარისის კანდიდატურა უფრო მაღალი რისკია, ვიდრე ჯო ბაიდენი..., რეალურ სამყაროში არ ცხოვრობს“,- დასძინა ჰარისმა.
ჰარისი, რომელიც 59 წლისაა, მთელი ეს დღეები მხოლოდ ბაიდენის ერთგულებაზე საუბრობდა. თუმცა, მისი კანდიდატურის წარდგენის იდეას გავლენიანი მომხრეები ჰყავს. ადამ შიფმა განაცხადა, რომ ჰარისს შეუძლია, ტრამპი დაამარცხოს.
ჰარისის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მას აქვს გამოცდილება 2020 წლის პრაიმერზე, რომელიც მაშინდელ საპრეზიდენტო რბოლას ეხებოდა. შესაბამისად, დემოკრატიული პარტიის ისტებლიშმენტი და დონორები მას იცნობენ. ჰარისმა „თავისი საქმე იცის“, - განუცხადა ABC-ს დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დონა ბრაზილმა. „პოლიტიკური შეცდომა იქნება, პარტიაში ბაიდენ-ჰარისის ტანდემის შესასვლელად არჩეულ დელეგატებს ვთხოვოთ, რომ გვერდი აუარონ ჰარისის კანდიდატურას“,- დასძინა მან.
ჰარისის ვიცე-პრეზიდენტად არჩევის უკანასკნელი მიზეზი სულაც არ იყო ის, რომ კამალა შავკანიანი ქალია და მისი განზე გაწევა ახალი კანდიდატების ძიებაში, ტრადიციული დემოკრატიული ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის განაწყენებას გამოიწვევს. ამავდროულად, ჰარისის კანდიდატურას სერიოზული ხარვეზები აქვს. კერძოდ, ყველა არ დაეთანხმება თეზისს, რომ მან „თავისი საქმე იცის“. უფრო მეტიც, ასაკი არ არის ბაიდენის მიმართ ამომრჩევლის მხრიდან ერთადერთი პრეტენზია და ყველა ეს პრეტენზია შეიძლება ჰარისსაც შეეხოს.





