BBC: მექსიკა და კანადა ტრამპთან ტარიფების დაწესების გადადებაზე შეთანხმდნენ. ჩინეთი კი საპასუხო ზომებზე ალაპარაკდა

ფოტო: Reuters
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკური საქონლის იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესება ერთი თვით გადადო. ამის მიზეზი გახდა შეთანხება, რომლის მიხედვითაც მექსიკის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარზე ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნული გვარდიის 10 000 ჯარისკაცს გაგზავნის. თავის მხრივ, კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც განაცხადა 30-დღიანი შეფერხების შესახებ და საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების პირობა დადო.
რა ხდება?
თავდაპირველად ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იან ტარიფს ერთდროულად უკვე მიმდინარე წლის სამშაბათიდან დააწესებდა, ჩინეთის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 10% იქნებოდა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა სამშაბათს, ვაშინგტონის დროით, დილის 5 საათზე. პეკინმაც დაუყოვნებლივ განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს თავის მხრივაც დააწესებს. კერძოდ, ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს თქმით, ოფიციალური პეკინი დააწესებს 15%-იან ტარიფებს შეერთებული შტატებიდან ნახშირისა და თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე, ასევე -10%-იან გადასახადს ნავთობისა და სხვა ამერიკული საქონლის, კერძოდ, ავტომობილებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე. ტრამპის განცხადებით, ის ჩინეთის პრეზიდენტ სი ცზინპინთან საუბარს აპირებს, თუმცა მას ჯერ ეს არ გაუკეთებია. იქამდე კი ჩინეთის ხელისუფლების თქმით, საპასუხო ზომები ძალაში მომდევნო ორშაბათს შევა. ოფიციალურმა პეკინმა ახალი გადასახადების შემოღების მთელი რიგი მიზეზი ჩამოთვალა, მათ შორის არის ამერიკის საზღვრის უსაფრთხოება, ქვეყანაში ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა და სავაჭრო დეფიციტი.
ამერიკის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ „აუცილებლად დააწესებს“ მსგავს საბაჟო გადასახადებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციაზეც (თუმცა მისივე თქმით, „შეთანხმება შეიძლება მიღწეულ იქნას“ ბრიტანეთთან). „იქ ჩვენს მანქანებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არ ყიდულობენ. ისინი თითქმის არაფერს ყიდულობენ ჩვენგან, ჩვენ კი მათგან ვყიდულობთ ყველაფერს", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
საფონდო ბირჟამ, რომელიც ორშაბათს გაიხსნა, ტრამპის ბოლო განცხადებებს ინდექსების შესამჩნევი ვარდნით უპასუხა. თუმცა მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეიბაუმმა ახალი ტარიფების შემოღებამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და ეს უკანასკნელი ტარიფების დაწესების გადადებაზე დათანხმდა.
გარდა ამისა, მექსიკის პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ ზემოთ ხსენებული შეთანხმება მოიცავს შეერთებული შტატების ვალდებულებას, მიიღოს ზომები, რათა მექსიკისთვის დიდი მოცულობის იარაღის მიწოდება თავიდან იყოს აცილებული. ტრამპის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალ პირობებს შექმნის, რაზე მუშაობაც არის დაგეგმილი სწორედ მომავალი თვის განმავლობაში. „მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, მივიღო მონაწილეობა მოლაპარაკებებში პრეზიდენტ შეინბაუმთან, რომელთანაც ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით“, - წერს ამერიკის პრეზიდენტი თავის ვებგვერდზე Truth Social. „ეს თვე გვაქვს იმისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ და დავარწმუნოთ ერთმანეთი, თუ რომელია მოქმედების საუკეთესო გზა“, - განაცხადა შეინბაუმმა პრესკონფერენციაზე. ამ განცხადებების შემდეგ, ამერიკული ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ დაახლოებით ნახევრით მოიმატა. არა და, მათი ფასი ბოლო დროს სიმცირის ტენდენციით გამოირჩეოდა, რამაც, ფაქტობრივად, ჩამოშლილ მექსიკური პესოს გამყარების შესაძლებლობა მისცა.
რას გამოიწევს ტარიფების დაწესება?
BBC-ის ეკონომიკის მთავარი კორესპონდენტის, დევიდ დარშინის განმარტებით,
ტარიფის (ან სხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის) მიზანი არის შიდა მწარმოებლების დაცვა უფრო იაფი უცხოელი კონკურენტებისგან, რითიც შიდა ბიზნესის ზრდისა და მათთვის საჭირო სამუშაო ადგილების შექმნის წახალისება იგეგმება. თუმცა პრაქტიკაში მათ შეუძლიათ ნეგატიური გავლენა იქონიონ როგორც მომხმარებლების, ისე ბიზნესის კეთილდღეობაზე, მათ შორის მათზე, ვისი დაცვასაც აპირებენ. ჟურნალისტის განმარტებით, ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერი დამატებითი გადასახადის ტვირთს გრძნობენ მომხმარებლები, რომლებმაც უფრო ძვირადღირებული საქონელი უნდა შეიძინონ. ამავდროულად, გადასახადების შემოღებას, როგორც წესი, თან ახლავს საპასუხო ზომები იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებსაც ისინი ეხება. შესაბამისად, ეს უხერხულობას უქმნის ქვეყნის ყველა მწარმოებელს, რომელიც უცხოური ბაზრით არის დაინტერესებული. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ამ გადასახადებმა შეიძლება შეაფერხოს ვაჭრობის ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. დევიდ დარშინის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის სავაჭრო ომებმა სწორედ ამიტომ გამოიწვია შეშფოთება მთელ მსოფლიოში.
რა ხდება კანადის შემთხვევაში?
აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე საპასუხო ზომების დაწესების შესახებ კანადამაც განაცხადა. ტრამპმა და კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ორშაბათს ტელეფონით ისაუბრეს და როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარმა „ძალიან კარგად“ ჩაიარა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ტარიფების დაწესება 30 დღით შეჩერდება.
ტრუდოს თქმით, კანადა ახორციელებს „1,3 მილიარდი დოლარის სასაზღვრო გეგმას“, რათა დაიმატოს ახალი ვერტმფრენები, ტექნოლოგიური აღჭურვილობა და პერსონალი. შესაბამისად, კანადის პრემიერმინისტრის განმარტებით, ქვეყნის საზღვარზე „გაიზრდება რესურსები, რათა ფენტანილის ნაკადის შეჩერდეს“. „10 000-მდე ადამიანი მუშაობს და იმუშავებს საზღვრის დაცვაზე. გარდა ამისა, კანადა იღებს ახალ ვალდებულებებს ფენტანილის წინააღმდეგ მიმართული სამუშაო ჯგუფის დანიშვნასთან დაკავშირებით. ჩვენ კარტელებს ტერორისტების სიაში შევიყვანთ და უზრუნველვყოფთ საზღვრის 24-საათიან მეთვალყურეობას. ამასთანავე, გავუშვებთ კანადისა და ამერიკის ერთობლივ დამრტყმელ ძალებს ორგანიზებულ დანაშაულთან, ფენტანილსა და ფულის გათეთრებასთან საბრძოლველად“- განაცხადა ჯასტინ ტრუდომ. „მე ასევე ხელი მოვაწერე ახალ სადაზვერვო დირექტივას ორგანიზებულ დანაშაულსა და ფენტანილთან დაკავშირებით. ჩვენ მას 200 მილიონი დოლარით დავუჭერთ მხარს“, - დასძინა კანადის პრემიერმინისტრმა.
კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესების გადავადება მოგვიანებით დონალდ ტრამპმაც დაადასტურა. „კანადამ გამოთქვა თანხმობა, ჩრდილოეთის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით“, - დაწერა მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე. „ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პირველი შედეგით და შაბათს გამოცხადებული ტარიფები 30 დღით შეჩერდება, რათა დავინახოთ, შესაძლებელია თუ არა კანადასთან საბოლოო ეკონომიკური შეთანხმების მიღწევა.”





