არის თუ არა ნამდვილად „დელტასთან“ შედარებით „ომიკრონი“ ნაკლებად საშიში?

ფოტო: Facebook
ამ ვარაუდის მიღმა თავიდანვე მოიაზრებოდა არგუმენტაცია, რომელიც ორ ძირითად პუნქტამდე იყო დაყვანილი. ეს არგუმენტებია:
1. თუ ვიმსჯელებთ მუტაციების იმ დიდი ნაკრების მიხედვით, რომელიც აქამდე მეცნიერებს არ დაუფიქსირებიათ, „ომიკრონი“ თანდათანობითი ევოლუციის შედეგად პირველად შეიძლება დათრგუნული იმუნური სისტემის მქონე ადამიანში ჩამოყალიბებულიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ნებისმიერი პარაზიტი, ისიც უნდა მორგებოდა იმ ორგანიზმის პირობებს, სადაც დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და რომლის „მოკვლაც მისთვის ხელსაყრელი არ იყო“.
2. ამ ვარაუდის მეორე მიზეზია დარეგისტრირებული შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის თანაფარდობის შესახებ მონაცემები იმ ქვეყნებში, სადაც „ომიკრონი“ პირველად დაფიქსირდა (სამხრეთ აფრიკა და დიდი ბრიტანეთი). აღნიშნული მასალების მიხედვით, „დელტასთან“ შედარებით „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმე მიმდინარეობის ფაქტები გაცილებით ნაკლებია.
აქედან გამომდინარე ნამდვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ომიკრონის“ ტალღა არც ისე საშიშია. უპირველეს ყოვლისა, ეს „სიმსუბუქის“ ცნების ორაზროვანი გაგებით არის განპირობებული. ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც ან ამჟამინდელი გავრცელების მახასიათებელი, ან როგორც თავად ვირუსის თვისება და ეს ორი სხვადასხვა რამეა. ამავდროულად, ვირუსის თავისებურება („სიმსუბუქე- 2“) ძირითადად ფასდება არა „სუფთა“ ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს, არამედ სიხშირის („სიმსუბუქე-1“) ანალიზის შედეგების მიხედვით, რომელსაც მრავალი სხვა დამატებითი ფაქტორი ემატება. ეს კი ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს.
კი მაგრამ, კორონავირუსი ისედაც ხომ უნდა შემსუბუქებულიყო? ხომ ითქვა, რომ ის საბოლოოდ ჩვეულებრივ გრიპად იქცეოდა?
პირველ რიგში, რაც “ომიკრონის” შესახებ ცნობილი გახდა, იყო მისი გენომი, რომელიც გამოირჩეოდა მუტაციების დიდი რაოდენობით (დაახლოებით 50), რომელთაგან ბევრი SARS-CoV-2-ის სხვა შტამებში არ იყო დაფიქსირებული. სწორედ ამან წარმოშვა ვარაუდი, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი ადამიანის ორგანიზმში ხანგრძლივი არსებობის შედეგად წარმოიქმნა. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, დიდი რაოდენობით მუტაცია გროვდება და იმუნური დაცვის გვერდის ავლის უნარი ჩნდება. ზემოხსენებული სცენარი მართლაც რომ განვითარებულიყო „ომიკრონის“ შემთხვევაში (რაც არ არის საიმედოდ დადასტურებული), შემცირებული ვირულენტობის ანუ შემცირებული საფრთხის გარანტიას, სამწუხაროდ, არ იძლევა. ბოლოს და ბოლოს, საკმარისი აღმოჩნდა, რომ ვირუსმა მხოლოდ ერთი ინფიცირებული არ მოკლა და სხვას გადაეცა, ამიტომაც მასზე შერჩევის ზეწოლა თითქმის არ ყოფილა და შემთხვევითი ფაქტორიც უზარმაზარი იყო.
Covid-19-ის შემთხვევაში დაავადების მძიმე შედეგები (სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ციტოკინური შტორმი, თრომბოზი) ვლინდება გვიან - უკვე მას შემდეგ, რაც ვირუსს სხვა ადამიანზე გადაცემის მაქსიმალური შანსი ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შერჩევის ზეწოლა „სიმსუბუქეზე“ არ ყოფილა - ეს არაფერზეა დამოკიდებული, გარდა - შემთხვევითობისა. უფრო ლაკონიურად იგივე აზრი გამოთქვა ჰარვარდის მედიცინის სკოლის ინფექციურ დაავადებათა ცენტრის ეპიდემიოლოგიის პროფესორმა, უილიამ ჰანაჯმა თავის სტატიაში, რომელიც „ომიკრონის“ ნამდვილი ვირულენტობის გაზომვის სირთულეებს ეხებოდა.
აღნიშნული სტატიის მიხედვით, ვირულენტობის შემცირების ევოლუციისკენ თანდაყოლილი მიდრეკილება ვირუსებს არ აქვთ. ევოლუცია უბრალოდ ირჩევს მათ, ვინც თავისნაირთა შექმნის კუთხით სხვებზე მაღლა დგას. ისეთი ვირუსის შემთხვევაში, როგორიცაა COVID-19 და რომლით ინფიცირებულთა უმრავლესობა გართულებულ მდგომარეობამდე მიდის, დაავადების სიმძიმე ალბათ პირდაპირ პრინციპს არ ექვემდებარება. მაგალითად, აივ ინფექცია არის წარმატებული პათოგენის კლასიკური მაგალითი, მიუხედავად იმისა, რომ ის მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში 99%-ით მომაკვდინებელია.
არსებობს თუ არა რაიმე კვლევა, რომელიც „ომიკრონისა“ და „დელტას“ მიმდინარეობის სირთულეს ერთმანეთს ადარებს?
„ომიკრონის“ სიხშირის არანორმალურად დინამიკური ზრდის ფონზე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვითაც აშკარაა. ამგვარმა დისპროპორციამ ყურადღება ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში მიიპყრო და მაშინვე გახდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი "ომიკრონის სიმსუბუქის" თეორიის სასარგებლოდ, მის გენომსა და წარმოშობასთან ერთად. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსის სამ ადრეულ ტალღას სიკვდილიანობის თითქმის ეკვივალენტური ზრდა ახლდა. „ომიკრონის“ შემთხვევაში კი აღნიშნული პროპორცია თითქმის დაირღვა - ეს მოხდა მხოლოდ დაავადებულთა შემადგენლობის ცვლილების გამო, რაც უკვე აცრილი ადამიანების დამსახურებაა.
ეს არგუმენტი კიდევ უფრო გაამყარა სამხრეთაფრიკელი მეცნიერების შრომამ (შერილ კოენის ხელმძღვანელობით), რომელშიც მკვლევრებმა განაცხადეს, რომ „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის ალბათობა ხუთჯერ ნაკლები იყო, დაავადების მძიმე მიმდინარეობისა კი - სამჯერ ნაკლები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შემცირებული ვირულენტობა გამოითვალა იმ გარე ფაქტორების გათვალისწინების შედეგად, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის რისკზე გავლენას ახდენენ. ეს არის ასაკი, სიმსუქნე, დიაბეტი და სხვ.
გასულ კვირას, მეცნიერებმა აშშ-დან გამოაქვეყნეს მსგავსი ნაშრომი, რომელშიც „ომიკრონის“ ტალღის დროს სამხრეთ კალიფორნიაში დარეგისტრირებული შემთხვევების (დადებითი ტესტების) შედეგებია გაანალიზებული. აქ მკვლევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. მაგალითად, ინფიცირებულები საავადმყოფოში ორჯერ ნაკლებად ხვდებოდნენ, ათჯერ იშვიათად იღუპებოდნენ და მექანიკური ვენტილაცია არავის დასჭირვებია. აღნიშნული კვლევა ჩატარდა საკმაოდ დიდ კონტინგენტზე, რომელიც 52 ათასი პაციენტისგან შედგებოდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ „ომიკრონი“ ნამდვილად არ არის საშიში?
პრობლემა ის არის, რომ ვირუსის ეს შტამი იმუნიტეტს „დელტაზე“ ბევრად უკეთ უმკლავდება. შესაბამისად, აცრილი და კოვიდგადატანილი პირების წილი ინფიცირებულთა შორის მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ეს „დელტას“ შემთხვევაში იყო. სწორედ ამიტომ, რადგან ეს პროპორცია გაცილებით მაღალია, დაავადებაც, საშუალოდ, შესამჩნევად ნაკლებად მძიმეა. ბოლოს და ბოლოს, ვაქცინები დიდწილად (თუმცა არა სრულად) დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და „ომიკრონით“ ინფიცირების წინააღმდეგ ეფექტიანობას ინარჩუნებენ.
უხეშად რომ ვთქვათ, გამოდის, რომ როდესაც „დელტას“ ტალღა დაიწყო, ძირითადად ინფიცირდებოდნენ ადამიანები, რომელთაც იმუნიტეტი არ ჰქონდათ. ახლა კი „ომიკრონით“ ავადდებიან ისინიც, რომლებიც უკვე უფრო მეტად არიან დაცული დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან ვაქცინაციის ან უკვე გადატანილი COVID-19-ის წყალობით.
რა თქმა უნდა, მეცნიერებმა უკვე დაწერეს, თუ რამდენად რთულია „ომიკრონის“ ვირულენტობის სწორად შეფასება იმ ფონზე, როცა მოსახლეობაში უკვე ბევრია აცრილი ან გამოჯანმრთელებული პაციენტი. ეს მოითხოვს აუცრელთა შორის დაავადებულთა პროპორციის ცოდნას და უფრო მეტიც, არა მხოლოდ ამ მაჩვენებლის დაზუსტებას, არამედ თითოეული ინდივიდის დონეზე იმის გაგებას, იყო თუ არა იქამდე ინფიცირებული. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვირუსის ორი განსხვავებული ვარიანტის რისკის თანაფარდობის გამოთვლა. არა და, ამის გაკეთება ყოველდღე უფრო და უფრო რთული ხდება, რადგან „დელტა“ შტამი, ფაქტობრივად, აღარ ცირკულირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე შედარებაც შეუძლებელი იქნება.





