ამბობენ, რომ სმარტფონმა შეიძლება თავის ტვინის სიმსივნე გამოიწვიოს. ეს მართალია?

2024 წელს სამეცნიერო ჟურნალებმა გამოაქვეყნეს რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევის შედეგები, რითიც ადამიანის ორგანიზმზე მობილური კომუნიკაციების გავლენა შეაფასეს. ამ თემასთან დაკაშირებული ბოლო სტატია აგვისტოს მიწურულს გამოვიდა და მედიის ყურადღება მიიპყრო. ბევრმა ჟურნალისტმა კვლევის შედეგები ასე განმარტა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ზუსტად დაადგინა, რომ მობილური კომუნიკაციები ტვინის სიმსივნის განვითარებას არ იწვევს.
ეს სიმართლეა?
თითქმის! ჯანმოს დაკვეთით, ექსპერტთა ჯგუფი 1994-დან 2022 წლამდე გამოქვეყნებულ ათობით სამეცნიერო სტატიას გაეცნო. მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, როგორ მოქმედებს რადიოსიხშირული გამოსხივება ლეიკემიის, სანერწყვე ჯირკვლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეების განვითარებაზე. აღნიშნული ზემოქმედება სამ ჯგუფად დაიყო:
• მობილური ტელეფონების ნორმალური გამოყენება;
• რადიოანძებისა და ფიჭური სადგურების ოპერირება;
• სამუშაო, რომელიც მოიცავს ხშირ და მჭიდრო კონტაქტს პორტატულ რადიოგადამცემებსა და სხვა მოწყობილობებთან, რომლებსაც რადიოსიხშირული გამოსხივება ახლავს.
ექსპერტების მიერ შეჯამებულმა ინფორმაციამ მათ საშუალება მისცა, შემდეგი დასკვნები გაეკეთებინათ:
• მობილური ტელეფონების გამოყენება არ მოქმედებს ტვინისა და სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარებაზე, მათ შორის - ბავშვებში;
• რადიოგადამცემ სადგურებთან ახლოს ყოფნა ბავშვებში ლეიკემიისა და თავის ტვინის სიმსივნეების განვითარებას არ იწვევს. რაც შეეხებათ ზრდასრულებს, შესაბამისი ინტერპრეტაციისთვის მონაცემები ძალიან მცირე იყო;
• მუშაობის დროს რადიაციის ზემოქმედებამ, შესაძლოა, თავის ტვინის სიმსივნის განვითარების რისკი არ გაზარდოს, თუმცა ამის შესაბამისი სამეცნიერო კვლევებიც საკმარისი რაოდენობით არ გვხვდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგ კვლევაში ეს კავშირი დადგინდა, სხვა მონაცემების მიხედვით კი, მობილური ტელეფონის მომხმარებლებს, პირიქით, სიმსივნე ნაკლებად უვითარდებოდათ. თუმცა, საშუალოდ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ მიმართულებით არანაირი ზემოქმედება არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ სისტემურ მიმოხილვას ხარვეზიც აქვს: აქ არ შეფასებულა კვლევები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე 5G ტექნოლოგიების გავლენას შეისწავლიდა. მკვლევრებმა ვერ იპოვეს სტატიები, რომლებიც ამ კონკრეტული ტიპის რადიაციის ეფექტს აღწერდნენ.
იყო თუ არა სხვა კვლევებიც?
დიახ. კერძოდ, კომპლექსური კვლევის ფარგლებში, რომლის შედეგებიც 2024 წლის მარტში გამოქვეყნდა, ხუთი ქვეყნიდან (დანია, ფინეთი, ნიდერლანდები, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი) 265 ათას ადამიანს აკვირდებოდნენ. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მობილური ტელეფონის 15-წლიანი გამოყენებაც კი არ ზრდის თავის ტვინის სიმსივნის განვითარების რისკს. სხვა კვლევების მიხედვით, რომლებიც ადრე ჩატარდა, დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა მობილური ტელეფონების მასობრივი გამოყენება დაიწყეს, ტვინის სიმსივნის სიხშირე არ გაზრდილა.
ეს იმას ნიშნავს, რომ სმარტფონების გამოყენება უსაფრთხოა?
ამასაც ვერ იტყვი. თუ ონკოლოგიურ დაავადებებზე ვსაუბრობთ, მაშინ აქ საშიშროება, დიდი ალბათობით, ნამდვილად არ არის. თუმცა ზოგიერთი კვლევა კითხვებს ჯერ კიდევ აჩენს. 2018 წელს დასრულდა თაგვებსა და ვირთხებზე ჩატარებული კვლევების მნიშვნელოვანი სერია, რომელიც აშშ-ს ეროვნული ტოქსიკოლოგიის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მამრ ვირთხებს უფრო მეტად უვითარდებათ გულის სიმსივნე 2G და 3G ტექნოლოგიებში გამოყენებული რადიოსიხშირული ტალღების ზემოქმედებისას. გარდა ამისა, მათ უფრო მეტად უვითარდებათ თავის ტვინისა და თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები, მაგრამ ამ ნაწილში მეცნიერებს ნაკლები თავდაჯერება აქვთ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მონაცემების პირდაპირ გავრცელება ადამიანებზე შეუძლებელია: რაც ამ ეტაპზე დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ ამ ტიპის რადიაციაზე ზემოქმედება მამრი ვირთხების ორგანიზმზე, დღეში 4,5 საათის განმავლობაში, საშიშია. ადამიანები, რომლებიც ტელეფონებს იყენებენ, ამ რადიაციას განსხვავებულად აღიქვამენ - სულ მცირე, ნაკლები დოზებითა და სხეულის შეზღუდულ ნაწილებში.
რატომღაც მაინც ვღელავ. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რადიაციის ზემოქმედება შეამციროთ?
არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია:
• ყველაზე აშკარა - შეეცადეთ, თქვენი ტელეფონი ნაკლებად ხშირად გამოიყენოთ;
• ისაუბრეთ დინამიკით ან ყურსასმენების გამოყენებით;
• თუ სიგნალი სუსტია, შეეცადეთ, ტელეფონი არ გამოიყენოთ;
• საუბრის ნაცვლად, მოკლე ტექსტური შეტყობინებები წერეთ.
დაბოლოს, შეიძლება თუ არა სმარტფონის ჯიბით ტარება?
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სპერმის ხარისხი, უმჯობესია, მობილური ტელეფონი ნაკლები ინტენსივობით გამოიყენოთ. არსებული კვლევების მიხედვით, რაც უფრო აქტიურად იყენებს ადამიანი ტელეფონს, მით უფრო ცუდია სპერმის ხარისხი. თუმცა, არც ამ დასკვნებს შეიძლება ეწოდოს სანდო. იყო მხოლოდ რამდენიმე კვლევა, რომლებიც კონკრეტულად ტელეფონის შარვლის ჯიბით ტარებას ეხებოდა, თუმცა აქ მნიშვნელოვანი შედეგები არ დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, თეორიულადაც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სპერმის დამაზიანებელი სითბო ტელეფონიდან შეძლებს სპერმამდე არსებულ ყველა ქსოვილში შეღწევასა და მათ განადგურებას.





