აღმოსავლეთის ფრონტი უკრაინაში: როგორ განვითარდება რუსეთის შეტევა დონბასზე?

ფოტო: shutterstock.com
უკრაინაში მიმდინარე ომის ფრონტმა გადაინაცვლა ქვეყნის აღმოსავლეთით, სადაც უკრაინულმა ძალებმა საბრძოლო გამოცდილება მიიღეს და სამხედრო მომზადება გაიარეს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ უკრაინის არმიის საუკეთესო ქვედანაყოფები სწორედ აღმოსავლეთით, რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად მომზადებულ პოზიციებზე არიან გამაგრებული. რა არის მოსალოდნელი აღმოსავლეთ ფრონტზე? ამ კითხვას პასუხი BBC-მ გასცა.
სად გაიმართება გადამწყვეტი საბრძოლო მოქმედებები?
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათი ამჟამინდელი ყურადღება დონბასის "სრული გათავისუფლებაზეა" გამახვილებული. ეს კი უკრაინის აღმოსავლეთით, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს გულისხმობს. აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული რელიეფი რუსეთის ჯარების წინსვლას მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის. ქვეყნის ჩრდილოეთის ნაწილთან შედარებით, მიმდებარე ტერიტორია ნაკლებად ტყიანია და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს უკრაინელ მებრძოლებს ერთგვარ პრიორიტეტს ანიჭებს.
ომის შესწავლის ინსტიტუტის თანახმად, სლავიანსკისთვის ბრძოლა, სავარაუდოდ, ომის შემდეგი საკვანძო ეტაპი იქნება. თუ იზიუმიდან მიმავალი რუსული ძალები ქალაქის აღებას შეძლებენ, აღმოსავლეთით, რუბეჟნისკენ გადაადგილებასაც მოახერხებენ, რათა უკრაინული ჯარების შედარებით მცირე ჯგუფი ალყაში მოაქციონ ან სამხრეთით დაიძრან და უფრო დიდი უკრაინული კონტინგენტი კუთხეში მოიმწყვდიონ. მარიუპოლის დაცემის შემთხვევაში კი რუსეთი შეძლებს დამატებითი ძალების გამოთავისუფლებას, რათა ისინი დონეცკიდან დასავლეთით გადაისროლონ.
როგორ ემზადება უკრაინის არმია?
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი და ყოფილი სამხედრო ბენ ბარი ამტკიცებს, რომ უკრაინის ჯარს წლები ჰქონდა იმისთვის, რომ ძლიერი თავდაცვა მოემზადებინა. შესაბამისად, ექსპერტის მტკიცებით, უკრაინელი სამხედროების თავდაცვითი პოზიციებიდან გამოყვანა რუსეთს ძალიან გაუჭირდება. „უკრაინულ მხარეს არ ექნება მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის სტილის სანგრები, მათ ასევე ექნებათ გამაგრებული საკვანძო ქალაქები და სოფლები, რომელთა დაცვასაც აპირებენ“, - ამბობს ბენ ბარი. მისივე თქმით, უკრაინული ჯავშანტექნიკა და არტილერია წინასწარ მომზადებულ მიწისქვეშა თავშესაფრებშია განთავსებული.
ამავდროულად, აღმოსავლეთში მყოფ უკრაინულ სამხდრო შენაერთებს დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ. ისინი პრორუსი სეპარატისტების შეკავებას 2014 წელს დაწყებული კონფლიქტის შემდეგ ცდილობენ. უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე მყოფი სამხედროების რიცხვი ასევე შეიძლება გაიზარდოს, თუ სამხედრო სარდლობა გაგზავნის დამატებით შენაერთებს, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, კიევის დასაცავად საჭირო აღარ იქნებიან.
რა სტრატეგია ექნება რუსეთის არმიას?
ბარის მიაჩნია, რომ სავარაუდოდ, რუსეთი აქტიურად გამოიყენებს არტილერიას, შეეცდება, უკრაინის შეიარაღებული ძალების კარგად გამაგრებული თავდაცვითი პოზიციები ჰაერიდან გაარღვიოს და სახმელეთო შეტევას მხოლოდ ამის შემდეგ წამოიწყებს. უკრაინის ჯარებზე პირდაპირ ქვეითებით თავდასხმა, წინასწარი საარტილერიო ცეცხლის გარეშე, რუსეთის არმიისთვის ძალიან დიდი დანაკარგის მომტანი იქნება და დამარცხების რისკიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. ბენ ბარის განმარტებით, რუსეთს ამ მიზნების მისაღწევად საკმარისი რესურსი აქვს. კერძოდ, რუსეთის არმიას უამრავი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი გააჩნია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება - დასძენს ექსპერტი.
თვითმავალი საარტილერიო იარაღი ტანკის მსგავსია. მას საველე იარაღზე უკეთესი დაცვა აქვს და მტრის თავდაცვის გარღვევის შემთხვევაში, შეუძლია ახალი პოზიციები სწრაფად დაიკავოს. თუმცა, ბენ ბარის განცხადებით, გარღვევის ასეთი შესაძლებლობა ძალიან ცოტა იქნება, რადგან ბევრი მიმართულებით ფრონტის ხაზი საკმაოდ სტატიკურია.
რამ შეიძლება შეაკავოს რუსეთი?
ანალიტიკოსები ჯერ არ არიან მზად თქვან, რომ რუსეთის ჯარმა გადაჭრა ის სერიოზული ლოგისტიკური პრობლემები, რომლებიც მას ომის პირველივე კვირებში შეექმნა. რუს სამხედროებს აკლდათ საწვავი, საკვები, წყალი და აუცილებელი აღჭურვილობა, როგორიცაა რადიო და ზამთრის ტანსაცმელი.
"გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ასევე საბრძოლო მომზადება, მოტივაცია და ლიდერობა. რუსეთის ჯარმა კიევში თავი ვერაფრით გამოიჩინა და ჩვენ არ ვიცით, მიიღეს თუ არა მათ აქედან გაკვეთილი", - ამბობს ბრიგადის გენერალი ბენ ბარი. ზოგიერთი წყაროს ცნობით, დღემდე რუსეთმა სამჯერ მეტი სამხედრო ტექნიკა დაკარგა, ვიდრე - უკრაინამ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეიძლება ამან აღმოსავლეთის ფრონტზე იმოქმედოს, მაგრამ დაკარგული აღჭურვილობის შეცვლამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას.
სამხედრო ანალიტიკური ვებგვერდი Oryx-ი სამხედრო ტექნიკის დანაკარგებს აღრიცხავს და მოიცავს მხოლოდ იმ აღჭურვილობას, რომლის განადგურებაც დოკუმენტირებულია ფოტოთი ან ვიდეოთი. აღნიშნულ პლატფორმაზე არსებული ინფორმაციით, რუსეთმა დაკარგა 400-ზე მეტი ტანკი, 20 თვითმფრინავი და 32 ვერტმფრენი, ასევე ასობით ჯავშანტექნიკა და სხვა სახის მანქანა. უკრაინის შემთხვევაში შედარებით ნაკლები დანაკარგები შეიძლება აიხსნას უკრაინის შეიარაღებული ძალების მცირე მასშტაბით, მაგრამ ასევე შეიძლება განიმარტოს, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკური წარმატების მტკიცებულება.
უკრაინამ დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკა ჩაიგდო ხელში, მაგრამ რამდენად სასარგებლო და გამოსადეგი იქნება ის, უცნობია. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი მაიკლ კოფმანი ამბობს: „გარკვეული დრო დასჭირდება, სანამ მთელი ეს აღჭურვილობა ექსპლუატაციაში შევა, დაკომპლექტდება და განლაგდება იქ, სადაც მას ხელშესახები ღირებულება ექნება“. თუმცა ექსპერტები მაინც თანხმდებიან, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოითქვას, რადგან მოვლენების მიმდინარეობასა და საბოლოო შედეგს აღმოსავლეთის ფრონტზე განვითარებული მოვლენები გადაწყვეტს.





