ჯო ბაიდენის განცხადება
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, მის უკრაინელ კოლეგას, არ სჯეროდა ამერიკის დაზვერვის მონაცემების, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, ბევრს ეგონა, რომ ის აზვიადებდა, როცა რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა. „პუტინი აპირებდა საზღვრის გადაკვეთას და ეს ეჭვგარეშე ასე იყო. ზელენსკის კი არ სურდა ამის მოსმენა და არც ბევრ სხვას. მე მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა“, - აღნიშნა ბაიდენმა. მის ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის პრეს სპიკერი გამოეხმაურა. სერგეი ნიკიფოროვმა ბაიდენის ადმინისტრაციას შეახსენა, რომ რუსეთის ფართო მასშტაბიან შეჭრამდე ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მოსკოვისთვის სანქციების დაწესებას სთხოვდა, თუმცა მისი მოსმენა არ ისურვეს. „გარდა ამისა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბაიდენთან სამი ოთხი სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები და შეფასებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხესთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესახებ. ამიტომ, თეთრი სახლის ლიდერის ფრაზა, „არ უნდოდა მოსმენა“, ალბათ, დაზუსტებას საჭიროებს,“. აღნიშნა ნიკიფოროვმა.
