ჩრდილოეთ მაკედონია 0:3 საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ცე დივიზიონში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. ქართველმა ფეხბურთელებმა სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდი 3-0 დაამარცხეს. თითო ბურთი ბუდუ ზივზივაძის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ოთარ კიტეიშვილის ანგარიშზეა. 21 წლის კვარაცხელიამ მე-16 სანაკრებო შეხვედრაში მე-8 გოლი გაიტანა. სამი ტურის შემდეგ 9 ქულით საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერია და მეორე პოზიციაზე მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიელებს 5 ქულით უსწრებს. მომდევნო თამაშს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი 12 ივნისს თბილისში ბულგარელებთან გამართავს. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
