„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ორი პირი დააკავა, ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო კიდევ ერთ მოქალქეს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ კ.თ.ს და მის ნაცნობს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოიშვა ქონებრივი დავა. აღნიშნული დავის მოგვარებაში ჩაერთნენ კრიმინალური ავტორიტეტები ო.ს. და ვ.გ., რომლებიც დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ მ.მ.ს მეტ სახელად „ყურშას" და ზ.მ.-ს მეტსახელად „გლეხოვიჩს“. „კანონიერმა ქურდებმა“ თურქეთის რესპუბლიკაში მოდავე მხარეებთან ერთად მოაწყვეს ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევა. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინანსური დავის საგანი მიწის ნაკვეთი უნდა გაყიდულიყო, მთლიანი თანხა უნდა გადარიცხულიყო „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც მოგვიანებით გადაწყვეტდნენ თანხის განაწილების საკითხს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
