„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“
„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებს, დამტკიცებულია. დოკუმენტს მხარი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა. კანონპროექტს ამ ეტაპზე სულ 19 თანასპონსორი ჰყავს, როგორც დემოკრატიული, ასევე, რესპუბლიკური პარტიიდან. „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე, საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე. კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
