წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
აღდგომა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი დღესასწაულია. გამორჩეულიც და ამიტომაც მის ეპითეტად სიტყვა ბრწყინვალე გამოიყენება. ამ ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომამდე სულ რაღაც საათები რჩება, მაგრამ მაცხოვრის აღდგომის პირველ ნიშანს, სასულიერო პირების განმარტებით, მორწმუნეები სწორედ შაბათს იღებენ. ეს ნიშანი იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ცეცხლის გარდამოსვლაა. ტრადიცია, რომელსაც წლიდან წლამდე იერუსალიმში ჩასული პილიგრიმები ელიან და რიტუალი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ტელე-ეკრანებიდან ადევნებს თვალს, წელსაც განმეორდა. ორწლიანი, პანდემიური შეზღუდვების შემდეგ მომლოცველებმა ყველა რიტუალი ისე ჩაატარეს, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა. იმედის გადამღებმა ჯგუფმა წელსაც არ უღალატა ტრადიციას. ვარლამ წიკლაური და ბორის ფოცხიშვილი მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იმყოფებოდნენ და ამ ემოციას ეთერშიც გაგვიზიარებენ.
