სუსმა გორის მერიის თანამშრომელი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა ორ ბანკში, გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტ-ტოტალიზატორებში. ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ 143 ათას 985 ლარი შეადგინა, თუმცა მიმდინარეობს საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა და შესაძლოა მითვისებული თანხის ოდენობა გაიზარდოს.
