აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. კანონპროექტმა სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. კანონპროექტის განხილვისას, ყველა გამომსვლელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე. ამერიკელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს გვერდით დგომა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის ყველაზე ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანი ცალკე მდგომი საკანონმდებლო დოკუმენტი საქართველოსთან მიმართებით. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და დახმარების გარდა, კანონპროექტი მოიცავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებების ფართო სპექტრს, მათ შორის, ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს, დემოკრატიის გაძლიერებას, კიბერ-უსაფრთხოებას და რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. დოკუმენტის კანონად ქცევის გზაზე მომდევნო ეტაპი კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე დამტკიცებაა, რის შემდგომაც, მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით, კანონპროექტი ამერიკის სენატს გადაეგზავნება.
