ბოლო ცნობები უკრაინიდან
უკრაინა ომში - დღე მეექვსე. რამდენიმე წუთის წინ კიევში სატელევიზიო ანძა დაიბომბა. უკრაინის შსს იუწყება, რომ გარკვეული პერიოდი ადგილობრივი არხების ნაწილი მაუწყებლობას ვერ შეძლებს. გენერალური შტაბის მონაცემებით კი, მტერი კიევის ალყაში მოქცევას ცდილობს. უკრაინის დედაქალაქთან ახლოს ოკუპანტების ჯავშანტექნიკის 64 კილომეტრიანი კოლონაა განლაგებული, რომელიც უკრაინაში ბელორუსის მხრიდან შევიდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, რუსი აგრესორების ჯავშანტექნიკის კოლონამ, ლოჯისტიკური პრობლემების გამო, სვლა შეანელა. გარდა ამისა, რუსული მხარე ავრცელებს ცობას, რომ მძლავრი წერტილოვანი დარტყმების განხორციელებას გეგმავს უკრაინის უსაფრთხოების ობიექტებზე. პარალელურად, იბომბება უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი. რუსი ოკუპანტები ქალაქს ზალპური ცეცხლის სისტემებით ესვრიან. მიუხედავად მასირებული შეტევისა, აგრესორი რაიონული ცენტრების აღებას ვერ ახერხებს და დიდი აქვს დანაკარგიც. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალები ხარკოვსა და ჩერნიგოვში საცხოვრებელ უბნებს ესვრიან. რაც შეეხება ხერსონის ოლქს, რუსებმა სკადოვსკის, გოლაია პრისტანის, ხერსონის, ნოვაია კახოვკის დასახლებების რაიონებს მიუახლოვდა.
