სახელმწიფო ობიექტები აუქციონზე
აუქციონის ახალი პირობებით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების ობიექტის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების აუქციონის პირობებში ცვლილება შევიდა, რასაც მთავრობის განკარგულება დასჭირდა. „წინა აუქციონების შედეგად ის ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ჩვენ ინვესტორების დაინტერესება ვერ მივიღეთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს - მოლაპარაკებებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან არის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებას, საბოლოოდ წარიმართება წარმატებით და წარმატებული აუქციონის შედეგად ეს ობიექტიც გაცოცხლდება“, - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, მათ სურთ, აღნიშნული ობიექტით თბილისში მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შექმნან. „განსაზღვრულია ტექნოლოგიური, სხვადასხვა საგამოფენო სივრცის, ასევე, „ღვინის მუზეუმის“ მოწყობა. ეს არის თემა, რომელზეც ხშირად საზოგადოებაში პოლემიკა იყო. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს უნიკალური არტეფაქტების კოლექცია, ალბათ, ყველაზე ღირებული, რაც კი შეიძლება მსოფლიოში იყოს, ეროვნულ მუზეუმია შენახული. ინტერაქტიური სამუზეუმო სივრცე, რომელიც ღვინის თემატიკას შეეხება და ქართული ღვინის უნიკალურობას მნახველებს აჩვენებს, წარმოაჩენს თანამედროვე საშუალებებით, ვფიქრობ, აქ ამისთვის კიდევ არსებობს სივრცე“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ამდენად, ე.წ. დოქებში ერთ-ერთი სივრცე, შესაძლოა, ქართული ღვინის მუზეუმსა და ღვინის თემატიკას დაეთმოს. დავითაშვილმა ასევე განმარტა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა ობიექტის აუქციონის პირობებში. „აუქციონის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება. შემდგომში პირობა არის რომ მინიმუმ, 20 მლნ-ლარიანი ინვესტიცია განხორციელდეს. შესაბამისად, აუქციონში მონაწილემ გარანტიები უნდა წარმოადგინოს და მეორე მნიშვნელოვანი პირობაა, ჩვენ გვინდა, სწრაფად მივიღოთ შედეგები და არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში“, - დასძინა დავითაშვილმა.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
