პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იმყოფება. მას, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გამართული დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ქართველმა და პოლონელმა კოლეგებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლონეთის მხარეს საქართველოს ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს.
