თავდაცვის ძალების მეთაური ბრიუსელში
თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება. თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განიხილავს. თავდაცვის ძალების მეთაური უკვე შეხვდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ასევე სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ოკუპაცია დაგმო და ყურადღება ვითარების მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების პრინციპების დაცვით მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. სლოვაკეთის მხარეს კი საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
