აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა მყარი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს მოწოდებას რუსეთისთვის, გაიყვანოს ძალები ომამდელ პოზიციებზე და დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სუვერენული ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები, ასევე, რუსეთის აგრესიის წინაშე საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის საჭიროებას. იმსჯელეს იმაზეც თუ როგორ უნდა გაძლიერდეს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში.
