სააკაშვილის „შავი სია“
მიხეილ სააკაშვილი კორუფციონერთა და ადამიანის უფლებების დამრღვევთა შავი სიის შექმნას ითხოვს. ინიციატივა სპეციალური საიტის შექმნას და საბრალდებო დასკვნის მომზადებას გულისხმობს. სიაში კი მოხვდებიან მოსამართლეები, პროკურორები და თანამდებობის პირები. ინიციატივის მიხედვით, უნდა მიმართონ საელჩოებს, რომ არ გასცენ სიაში მყოფებზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები. მიხეილ სააკაშვილის ეს ინიციატივა გაუგებარია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის. მათი თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში სამართლებრივი პროცესი კანონის უზენაესობას არ უნდა სცდებოდეს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართული ოცნებისთვის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ნაციონალური მოძრაობის აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა.
