ოკუპანტებმა ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი კიდევ ერთხელ დააკავეს. ეს მისი მეექვსე დაკავებაა. მან ცხინვალის ციხეში ერთი წელი თითქმის სრულად მოიხადა და გასული წლის 17 ივნისს გაათავისუფლეს. ფაქტი დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სუსის ცნობით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი” და ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. შეგახსნებთ ხეთერელის გარდა, ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება.
