ევროპაში კოვიდრეგულაციები მკაცრდება
კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის სწრაფად გავრცელების გამო, ევროპაში კოვიდრეგულაციები მკაცრდება. გერმანიაში დღეიდან შეკრების უფლება 10 აცრილ ადამიანს აქვს. არ მუშაობენ ღამის კლუბები. სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე გაიმართება. ავსტრიაში, სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, რესტორნები და კაფე-ბარები საღამოს 10 საათზე იკეტება, გამონაკლისი არც ახალი წლის ღამე იქნება. საფრანგეთში იანვრის შუა რიცხვებიდან ეგრეთ წოდებული ვაქცინის საშვი ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასობრივ ღონისძიებებზე დასწრება, რესტორნებისა და სხვა დაწესებულებების სტუმრობა მხოლოდ აცრილებს შეეძლებათ. პარიზი არ გამორიცხავს, რომ ვაქცინის მეოთხე დოზა დაუშვან.
