საქართველოს პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის პოლიციის უფროსს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვაჰე ღაზარიანმა, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმოიხილეს. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მეთაურის წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15-ი მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. დღესვე სომეხ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა. სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით კი, ქვეყნის საპოლიციო უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ.
