სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომანქანებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს, თუმცა უწყება ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს
რამდენიმე წუთის წინ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის კუთვნილმა ავტომანქანებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს, თუმცა უწყება ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს, გადაიყვანეს თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი გორიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ორ საათში დაიწყება. საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს. სასამართლო პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას გეგმავს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.
