შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი ფაქტობრივად სწირავდა ელენე ხოშტარიას და სხვა მოშიმშილე დეპუტატებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ფაქტობრივად სწირავდა ელენე ხოშტარიას და სხვა მოშიმშილე დეპუტატებს. მისივე თქმით, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ვერ აიღო საკუთარ თავზე სააკაშვილმა, აიღო იუსტიციის სამინისტრომ. „საერთო ჯამში ჩვენ მთელი ეს პერიოდი, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის, ვხედავდით, რომ პენიტენციური სამსახური და ზოგადად სისტემა უდგება ერთი სტანდარტით. ეს არის ადამიანის უფლებები და მსჯავრდებულების სამედიცინო მომსახურებით სრულად უზრუნველყოფა. ასე იყო N12 დაწესებულებაში, როცა საჭირო გახდა დამატებითი სამედიცინო დაწესებულება, ის გადაიყვანეს N18 დაწესებულებაში. თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს შიმშილობას, მას ვერც გორის ჰოსპიტალი და ვერც სხვა ჰოსპიტალი ვერ დაეხმარება. ამიტომ, რათა შევუწყოთ მას იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომლისკენაც მოუწოდა მას დაჟინებით სტრასბურგის სასამართლომ, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავდით, რომ სააკაშვილი ფაქტობრივად სწირავდა ჩვენს კოლეგებს - ელენე ხოშტარიას და სხვა მოშიმშილე დეპუტატებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ვერ აიღო საკუთარ თავზე სააკაშვილმა, აიღო იუსტიციის სამინისტრომ. მე რამდენადაც ვიცი, ელენე ხოშტარია წყვეტს შიმშილობას. გვაქვს მოლოდინი, რომ დეპუტატები შეწყვეტენ შიმშილობას. გორის სამხედრო ჰოსპიტალი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ჰოსპიტალია ქვეყანაში. ის სრულად არის აღჭურვილი და არა მგონია, ვინმემ დაუწუნოს სტანდარტი იმ ჰოსპიტალს, სადაც ჩვენი ჯარისკაცები მკურნალობენ“, - აცხადებს პაპუაშვილი. იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.
