ირაკლი ჩიქოვანის ჩართვა იმედი LIVE-ში
ზუგდიდში 108 უბანია და აბსოლუტურ უმრავლესობაში მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა არის გამონაკლისები, რომლებიც თავიდან ბოლომდე დადგმული პროვოკაციებია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ დაქვემდებარებაში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, - ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, უბნებთან მობილიზებული არიან ადამიანები, რომლებიც ჩასული არიან ზუგდიდში ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით და გამოირჩევიან დესტრუქციით, შეურაცხმყოფელი გამონათქვამებითა და პირდაპირი იერიშით „ქართული ოცნების“ მომხრეებზე. „ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელზეც ფიქსირდება საჩივარი, ან მიმართვა ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან, სამართალდამცავები მოქმედებენ ოპერატიულად, რაც უმნიშვნელოვანესია, გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება პროვოკაციებისთვის. დღეს ითქვა და მოგახსენებთ, დიახ, ჩვენი მომხრეები არიან კონკრეტული სიებით წარმოდგენილი, ეს ჩვენი მხარდამჭერების სიებია და ამ სიების ქონა და ეს პროცესი სამართლებრივად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, ზუგდიდში ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი აქტივობაა. „ძალიან მაღალია ჩვენი მხარდამჭერების ჩართულობა და „ნაციონალური მოძრაობა“ ხედავს, რომ არჩევნებს აგებენ. მათ შორის, ამის ნათელი დასტურია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებული სკანდალი, რაც კვლევებს უკავშირდება. მათ მიერ დაკვეთილ კვლევებში მათ წაგებული აქვთ არჩევნები და მხოლოდ გაყალბებითა და პირდაპირი გადასწორებით მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებას. ჩვენი მოლოდინია, რომ იქნება კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მაგრამ ახლა მთავარია სრული მობილიზება, მაქსიმალური აქტივობა და ჩვენ ზუგდიდში არჩევნებს მოვიგებთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
