კახა კალაძე: 10 საათის მონაცემებით, წინა ტურთან შედარებით, თბილისში აქტივობა 5%-ით მეტია - თითოეული თქვენგანის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ქალაქის განვითარება
თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში აქტივობა, პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილია, თუმცა, აუცილებელია, ხმის მიცემის უფლების მქონე ყველა ადამიანი ჩაერთოს მიმდინარე კენჭისყრაში. „მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ვიაქტიუროთ. 10 საათის მონაცემებით, ძალიან მაღალი აქტივობაა, წინა ტურთან შედარებით, თბილისში, ის 5%-ით მეტია. თითოეული თქვენგანის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ქალაქის განვითარება. თქვენ ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში, რამდენი კარგი საქმე გაკეთდა დედაქალაქის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ვერავინ და ვერაფერმა შეაჩეროს ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება და იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, მაქსიმალურად იატიურონ, დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება და მხარი დავუჭიროთ ამ ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
