"იმედის" მფლობელი კომპანიის განცხადება
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი Hunnewell Partners განცხადებას ავრცელებს. Hunnewell Partner-ის მთავარი მრჩეველი, ინგლისელი ადვოკატი მეთიუ ჯენკინსი ამ განცხადებით ეხმიანება ინფორმაციას, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ვრცელდება, ნიდერლანდებში ტელეკომპანია „იმედის“ აქციების დაყადაღების შესახებ. „2016 წლიდან მოყოლებული, ტელეკომპანია „იმედის“ ბენეფიციარი მესაკუთრეები (საბოლოო მფლობელები) ინგლისის სასამართლოში, სამართლებრივ დავაში არიან ჩართული. ეს დავა არანაირი სახით არ ეხება „ტელეიმედზე“ საკუთრების ფლობას (ან რომელიმე სხვა აქტივების ფლობას). ინგლისის სასამართლოში ამ საქმის წარმოების ფარგლებში, არანაირი მცდელობა არ ყოფილა „იმედისა“ თუ რომელიმე სხვა ქონების წინააღმდეგ დავის. თუმცა, ორი თვის წინ, მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, იყო მცდელობა (წინასწარ შეტყობინების გარეშე), ნიდერლანდების სასამართლოში, შეეზღუდათ Hunnewell Partners და ირაკლი რუხაძის მიერ „ტელეიმედის“ წილის მესამე პირისთვის დათმობა. ამ მცდელობას არანაირი იურიდიული გავლენა არ მოუხდენია არც Hunnewell Partners-ზე და არც ირაკლი რუხაძეზე. ასევე, ამ მცდელობას არ აქვს რაიმე გავლენა „ტელეიმედის“ საქმიანობაზე და მისი მფლობელობის რომელიმე ასპექტზე, Media Finance Group BV-ის ჩათვლით. მხარეს, რომელიც ცდილობდა ამ შეზღუდვას აგვისტოში, ეს ზედმიწევნით კარგად უნდა ესმოდეს, რადგან ჩვენმა ნიდერლანდელმა იურისტებმა მკაფიოდ აუხსნეს არსებული ვითარება მათ წარმომადგენლებს. თუმცა, გვესმის რა, უარყოფითი „პი-არ“ ღირებულება ამ მცდელობისა, ჩვენ უკვე შევიტანეთ საჩივარი ნიდერლანდების სასამართლოში, რათა სასამართლოს ყურადღება მივაპყროთ აგვისტოს სარჩელის არაზუსტ და მცდარ ბუნებას და რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს გაუგებრობა“, - აცხადებს Hunnewell Partners-ის მთავარი იურისტი მეთიუ ჯენკინსი.
