ბათუმში კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით აჭარის საპატრულო პოლიციის წარმომადგენელის განცხადება
ჩამონგრეულია კორპუსის ერთი მხარე- სადარბაზოს ერთი ნაწილი. ამ ეტაპზე ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ახლა მიმდინარეობს აქტიური სამაშველო-საძიებო მოქმედებები, რომელშიც ჩართულია როგორც სამაშველო-სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები. ასევე ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, - ამის შესახებ აჭარის საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, ირაკლი ბასილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ასევე ადგილზეა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურები. მობილიზება ხდება მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ძალების. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე, რომლის დახმარებითაც ხდება დაშავებულების აღმოჩენა ინტენსიური სამუშაოების პროცესში და მათ ევაკუაცია. დაშავებულთა რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან ვთხოვო მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები, დაემორჩილონ პოლიციის თანამშრომლებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერიტორია შემოსაზღვრულია და მათ მხრიდან არ მოხდეს სამუშაოებზე ხელის შეშლა“, – განაცხადა აჭარის საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კორპუსი, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, საცხოვრებლად ვარგისი იყო.
