მამუკა მდინარაძის ბრიფინგი
მე „გავრისკავ“ და ვიტყვი, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული კადრები გადაღებულია შემთხვევის შემდეგ, და არა შემთხვევამდე. ნებისმიერი ფორმით ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს კადრები გადაღებულია შემთხვევის შემდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „მოდით, ვნახოთ, თუ რას იტყვის „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია და იკადრებს თუ არა იმის თქმასაც, რომ ეს კადრები მანამდეა გადაღებული. იმ უწყვეტ, უფრო ვრცელ მასალაში, რომელსაც ჩვენი პრესსამსახური გაავრცელებს, ასევე არის კადრობრივი მინიშნება იმაზე, რომ კადრები შემთხვევის შემდეგაა გადაღებული. იქ ჩანს, რომ ოპერატორი წყალს სვამს, ჯდება, მოქალაქეების რეაქციებიც მეტყველებს იმაზე, რომ შემთხვევა უკვე მომხდარია“, - განაცხადა მდინარაძემ. „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი ლევან აბლოთია „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს
