ტელეკომპანია "იმედის" განცხადება
ტელეკომპანია "იმედის" თვითრეგულირების საბჭომ განიხილა მოქალაქე ესმა გუმბერიძის, ასევე ჰურიე აბაშიძის, ელდარ ჯავახიძისა და მუსლიმი თემის სხვა წარმომადგენელთა საჩივრები, რომლებიც ეხებოდა 2021-ი წლის 15-ტ ივნისს ეთერში გასული გადაცემის "იმედის ფაქტორის" სტუმრის, თეა დარჩიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს. საჩივრების განხილვის შედეგად, საბჭომ დაადგინა "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" 31-ე მუხლის, 33-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე პუნქტების, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 56-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილის დარღვევა, კერძოდ საბჭომ მიიჩნია, რომ სტუმრის მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს ბავშვთა მიმართ აღზრდის მკაცრი მეთოდების, მათ შორის ფიზიკური ძალადობის გამართლებას, ეგრეთ წოდებული მკაცრი მეთოდების გამოყენების გამამართლებელ ერთ - ერთ არგუმენტად კი მოტანილი იყო შეზღუდული შესაძლებლობების არსებობა, გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის აღსაწერად გამოყენებულ იქნა შეურაცხმყოფელი ლექსიკა. გარდა ამისა, აღნიშნული განცხადებები რელიგიური კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციულია, აღვივებს არატოლერატობასა და სტერეოტიპებს, უსაფუძვლოდ ასახელებს რელიგიურ მრწამსს, როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს. ტელეკომპანია "იმედი" ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ყველა სახის არატოლერანტობას, დისკრიმინაციასა და ძალადობას, მით უფრო ძალადობას ბავშვთა მიმართ, მათ შორის ეგრეთ წოდებული აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენებას. დაუშვებელია შეურაცხყოფა. ტელეკომპანია გამოთქვამს წუხილს მომხდარის გამო და აღვნიშნავთ, რომ გადაცემაში მოტანილი მსჯელობა არ შეესაბამება ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის პრინციპებს. საბჭო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ დისკრიმინაციისა და ძალადობის წამახალისებელი განცხადებების ტირაჟირებისგან, ხოლო მაუწყებლებსა და გადაცემებზე მომუშავე პირებს კი მიმართავს, რომ მათ ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რათა არ დაუშვან მსგავსი განცხადებების ტირაჟირება, ხოლო, სადაც ეს შეუძლებელია, მყისიერად მოახდინონ მკაცრი რეაგირება.
