"მოქალაქეები" საკანონმდებლო საქმიანობას შეუდგნენ
მოქალაქეები საკანონმდებლო საქმიანობას შეუდგნენ. ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მმართველ გუნდთან საარჩევნო რეფორმის მომდევნო ეტაპის შესახებ მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმეს. მემორანდუმი ითვალისწინებს, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირებას და სრულ ოპტიმიზაციას ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად. დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში მოქალაქეთა შეკრება და დაყოვნება კანონით აიკრძალება, ისე, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვდა. ამავე ტერიტორიაზე არჩევნების დღეს აიკრძალება ამომრჩევლის აღრიცხვა, ბიულეტენის ფოტო და ვიდეოგადაღება. დაინერგება ხმის მიცემა ელექტრონული აპარატების მეშვეობით. ამომრჩეველი თითის ანაბეჭდით შეძლებს რეგისტრაციას. იმისთვის, რომ ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დღეს არსებული 5%-იანი ბარიერი შემცირდეს და 3%-ს არ გადააჭარბოს, საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო, ეს კი მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერის გარეშე ვერ მიიღწევა. ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე, მათი კანონმდებლობაში ასახვა კი პირველ მაისამდე იგეგმება. კანონმდებლის ამპლუაში პირველად ალეკო ელისაშვილმა პოლიტიკური განცხადებითაც ისარგებლა. სხდომათა დარბაზამდე გავლილ გზას რთული უწოდა, თუმცა გარეთ დარჩენილებს შეახსენა, რომ მათი ადგილიც პარლამენტშია. უმრავლესობას კი მოქალაქეები მწვავე კრიტიკას ჰპირდებიან.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
