ოპოზიციამ პარლამენტის კარი შეაღო. „მოქალაქეები“ საკანონმდებლო საქმიანობას იწყებენ
ოპოზიციამ პარლამენტის კარი შეაღო. „მოქალაქეები“ საკანონმდებლო საქმიანობას იწყებენ. მმართველი პარტიის ლიდერებთან ბოლო შეხვედრა ამ გადაწყვეტილებით და დოკუმენტის გაფორმებით დასრულდა. „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებებისთვის მზადყოფნა დაადასტურა. ხუთპროცენტიანზე დაბალი ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის ხმის ელექტრონულად მიცემის შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს იმ სიახლეების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ინიცირება პირველ მარტამდე, კანონმდებლობაში ასახვა კი პირველ მაისამდე იგეგმება. ცვლილებების სრულად დასამტკიცებლად პარლამენტში მხოლოდ „მოქალაქეთა“ ყოფნა არ კმარა. შეთანხმება, რომელსაც ხელს ჯერ მხოლოდ 1 ოპოზიციური პარტია აწერს, ყველასთვის ღიაა. ჯერ კიდევ ქუჩაში მყოფებს ალეკო ელისაშვილმა ურჩია, მოთხოვნების შესრულებისთვის ბრძოლა პარლამენტიდან გააგრძელონ. ამის სურვილი, მმართველი გუნდის ინფორმაციით, ბევრს აქვს. ქართული ოცნება ყველასთან დიალოგისთვის მზად არის.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
