სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს გენერალური პროკურატურა ვრცელი განცხადებით ეხმიანება
საგამოძიებო უწყება ქვეყნის გამარჯვებაში საკუთარ წვლილზე საუბრობს. ტექსტში აღნიშნულია, რომ სტრასბურგში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, სასამართლოს წინაშე, ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარდგა. გამოიკითხა ათასობით მოწმე, მათ შორის ომის დროს დაზარალებული სოფლების მოსახლეობა და მათგან მიღებული ინფორმაციით, დადგინდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები და უკანონო შეიარაღებული ფორმირებები მოქმედებდნენ სამაჩაბლოს სოფლებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმების წინასწარ შეთანხმებული გეგმით.
