ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ
პოლიტიკური ქველმოქმედების ათი წელი. ,,ქართული ოცნების“ შემქმნელი პოლიტიკიდან მიდის. ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრსა და მოქალაქეებს ღია წერილით მიმართა და ამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში, მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო - ამ სიტყვებით იწყება ივანიშვილის წერილი. ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრის საფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს ისტორიაში. უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა. ამ არჩევნებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ დასრულდა ადამიანების გრძნობებით მანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვა გზით შეცვლის მრავალწლიანი პრაქტიკა. განვლილი წლების ურთულესი პოლიტიკური პროცესების მთავარი გამარჯვებული არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ საზოგადოებაა, რომლის სიმწიფე ქვეყნის მომავლის მყარი საფუძველია, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი და 2012 წელსაც იხსენებს. „ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა და იძულებით, საკუთარი მომხრეების სიმრავლით და დემოკრატიული გზით დაათმობინა მოძალადე მმართველ გუნდს წლების განმავლობაში მიტაცებული ხელისუფლება. ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც მორიგი სიცრუე და ცინიზმია, - აღნიშნავს ივანიშვილი და მიიჩნევს, რომ მისია შეასრულა და იმ ადამიანებს, რომლებიც მმართველ გუნდში რჩებიან, შეუძლიათ მისი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება. როგორც თავად ამბობს, საბოლოოდ ტოვებს პოლიტიკას, პარტიის თავმჯდომარის პოსტს, მის მიერ დაფუძნებულ პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის როლს ყველაზე კარგად საქართველოს მოქალაქეები, უკვე წლებია „ქართული ოცნების" მხარდაჭერით გამოხატავენ. დემოკრატიის ხარისხის ზრდა, სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობა, საარჩევნო რეფორმა, საპრეზიდენტო ინსტიტუტის ფუნქციების სწორად განსაზღვრა, ევროატლანტიკური მისწრაფებების მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა - ეს არის ის მთავარი საკითხები, რომელთაც მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებენ. მის მიერ მიღებულ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, როგორც მოსალოდნელი იყო, განსხვავებულად აფასებენ ოპოზიციაში
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
