საახალწლო მილოცვები
საქართველოს მოქალაქეებს, ახალი წელი ტრადიციულად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და განვლილი 2020 წელიც შეაჯამეს. 2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგნენ გამოწვევის პირისპირ - ამ სიტყვებით დაიწყო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, საახალწლო მილოცვა. მისივე თქმით, დიდ განსაცდელთან ერთად, ამავე დროს, 2020 წელი დიდი გადაფასებების წელიც იყო, როდესაც თითოეული ჩვენგანი დაფიქრდა ყველაზე მთავარ ღირებულებაზე – ადამიანის სიცოცხლეზე. უნდა დავძლიოთ გაუცხოება, უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილსა და დაპირისპირებას, 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს - ეს სალომე ზურაბიშვილის სიტყვებია, რომელმაც ყურადღება, მსოფლიო პანდემიაზე და მის შედეგებზე გაამახვილა. არჩილ თალაკვაძემ კი მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ მომავალი წელი, ისე როგორც არასოდეს, მოითხოვს ერთმანეთზე ზრუნვას და თანადგომას, უფრო მეტ სიყვარულს და მომავლის რწმენას. მოსახლეობას მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა კათოლიკოს პატრიარქმა. „ვთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარულს და იმედით ვუყურებთ მომავალს. იმედი არ უნდა დავკარგოთ. ჩვენთან არს ღმერთი,“- ამბობს ილია მეორე.
