მთავრობის ახალი შემადგენლობა
„ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მე-10 მოწვევის პარლამენტს სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. მომდევნო წლების ძირითადი ამოცანა, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადებაა. მთავრობის ძალისხმევა ოთხ საკვანძო მიმართულებაზე გადანაწილდება. ესენია: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები. შემდეგ ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, ასევე სახელმწიფო მმართველობა. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ცვლილება მხოლოდ იუსტიციის მინისტრის თანამდებობას შეეხო. თეა წულუკიანი ახლა პარლამენტის წევრი და განათლების კომიტეტეის თავმჯდომარეა. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ახლა გოჩა ლორთქიფანიძეა, რომელიც თეა წულუკიანის მოადგილე იყო. მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა კომიტეტებსა და ფრაქციებში ორშაბათიდან დაიწყება. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის, სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
