შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიში
2020 წელი განსაკუთრებული გამოწვევების წელი იყო შინაგან საქმეთა სამინსიტროს ყველა დანაყოფისთვის. მინდა იცოდეთ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში თანაბარი ძალებით იყო ჩართული სამინისტროს ყველა დანაყოფი. ათასობით თანამშრომელი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ამჟამადაც ამ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 2020 წლის შსს-ს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „არ შემიძლია, არ აღვნიშნო საპატრულო პოლიცია, რომელიც მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვით, ქალაქში პატრულირებით, აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება. პანდემიის დროს განსაკუთრებით მრავალფეროვანი გახდა პატრულის ფუნქცია-მოვალეობები. აქვე ხაზი მინდა გავუსვა როგორც ქალაქის პოლიციის, ასევე რეგიონალური დანაყოფების ძალისხმევას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისინი წარმატებით ართმევენ თავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამავდროულად პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების აღსრულებას. სამწუხაროდ, დარღვევების გამო ადამიანების დაჯარიმება გვიწევს, ახლაც რთულია ჩვენთვის, როგორც ჩემთვის, ისე პოლიციელებისთვის არაერთხელ გავაკეთე განცხადება, არ გვიხარია ნამდვილად მათი დაჯარიმება. მესმის, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა. მინისტრის განცხადებით, პანდემიის დროს, მოსახლეობა პოლიციას ძალიან ხშირად მიმართავდა დახმარებისთვის.