ბრიფინგი "ქართული ოცნების" ოფისში
კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას იმის გამო, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მისიას, რითაც უმძიმესი ზიანი მიაყენა მისი ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციას და ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ქვეყანაში, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახდენს ორგანიზაციის დისკრედიტაციას მისი ყოველდღიური განცხადებებითა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით. „აქვე კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ PVT-ის მნიშვნელოვანი ასპექტი. PVT ითვლის არა მხოლოდ ოქმებს, რის წარმოჩენასაც პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, არამედ ორგანიზაცია დამკვირვებლის რანგში, სრულად არის ჩართული საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესში. შესაბამისად, PVT-ის და ცესკოს მონაცემების თანხვედრა არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნები არ გაუყალბებია. სწორედ ამიტომ შეფასდა ეს არჩევნები როგორც კონკურენტული და თავისუფალი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“ გაასაჯაროოს ინფორმაცია საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ, სადაც თითქოსდა ბიულეტენების სიჭარბე დაფიქსირდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
