დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე შესათანხმებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ
დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე შესათანხმებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. მორიგი რაუნდი ბრიუსელში უშედეგოდ დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ღია და გულწრფელი უწოდა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. ბრექსიტის შემდგომ, მხარეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების რეგულირებისთვის შეთანხმების მიღწევას კიდევ ერთხელ, უქმეებზე დაგეგმილ შეხვედრაზე შეეცდებიან. თუ პაქტის რატიფიცირება ვერ მოხერხდება, ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმები დაარეგულირებს, რაც საზღვრებზე საბაჟო შემოწმების ამოქმედებას და ნებისმიერი სახის საქონელზე ექსპორტ-იმპორტის ტარიფების შემოღებას ითვალისწინებს. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი საბოლოოდ 31 დეკემბერს უნდა დატოვოს.
